
„სილქნეტის“ განცხადებით, სატარიფო ცვლილებებს დროებით აჩერებს, იქამდე, სანამ ცნობილი არ გახდება კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კვლევის შედეგები. კომპანია ასევე გეგმავს დამოუკიდებლად ჩაატაროს კვლევა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით.
„ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ, გაჩნდა კონვერგენტული (გაერთიანებული) პროდუქტების შეთავაზების აუცილებლობა. სილქნეტის თანამშრომლების მრავალთვიანი დაძაბული შრომის შედეგად, გამოვიტანეთ ახალი გაერთიანებული პაკეტები, რაც საზოგადოებას 2019 წლის 16 იანვარს შევატყობინეთ.
ამის შემდეგ, მოხდა მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარის მიერ განცხადების გაკეთება, სადაც დაფიქსირდა ჩვენ ახალ პროდუქტებზე განსხვავებული მოსაზრება და მისი მხრიდან ეს ფასების გაძვირებად იქნა შეფასებული, ასევე მან დააფიქსირა კვლევის ჩატარების აუცილებლობა.
მარეგულირებელ კომისიასთან და პირადად მის თავჯდომარესთან სილქნეტის მენეჯმენტის ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, კომპანია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ 1) დაველდოთ მათ მიერ დაანონსებულ კვლევის შედეგებს 2) კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატაროს კვლევა უცხოელი ექსპერტების საშუალებით“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
16 იანვარს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 1 მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს.