პარლამენტისგან მოვითხოვთ შეიქმნას თემირლანის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია!, - პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი პეტიციას ავრცელებს. ისინი „თემირლანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების დანაშაულის შეფასებას" მოითხოვენ.
„უკვე ერთი წელი გავიდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რასაც მოჰყვა ჩვენი თანატოლის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობა. სუს-ის მიერ საკუთარ ლოგინში მწოლიარე ახალგაზრდის მკვლელობა, ჩვენთვის და ასევე დანარჩენი საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე გამოცდილება გახდა, რომელმაც ძალიან კარგად დაგვანახა პანკისის ხეობაში უსაფრთხოების პოლიტიკის სისასტიკე და არაადამიანური შედეგები!
განცდა იმისა, რომ ჩვენ დაცულები არ ვართ და ჩვენი სიცოცხლე ნაკლებად შეიძლება ფასობდეს ჩვენს სახელმწიფოში ისედაც გვქონდა, თუმცა ახლა უფრო გაძლიერდა. განცდა, რომ სახელმწიფო ასეთივე სისასტიკით შეიძლება მოგვექცეს ნებისმიერ ჩვენთაგანს და შემდეგ ამაზე პასუხს არავინ აგებს, დღემდე არ გვშორდება. თუ თემირლანი კონკრეტულ ადამიანებთან ყოფითი ურთიერთობების გამო ტერორისტად გამოაცხადა სუს-მა და სხვა სახელმწიფო ორგანოები ელემენტარულ ინტერესსაც კი არ იჩენენ ამ საქმეზე სიმართლის დასადგენად, ასეთ ტერორისტად ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გამოაცხადონ, როდესაც ეს მათ პოლიტიკურ ინტერესებს დასჭირდებათ. ამ უსამართლო პოლიტიკაში სრულიად დაუცველები და უუფლებოები ვრჩებით.
ერთი წელი გავიდა და სახელმწიფოს მიერ ამ საქმეში არცერთი დამნაშავე არ არის გამოვლენილი, არავინ არ დასჯილა, თითქოს მათთვის თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილი უბრალოდ სტატისტიკაა. თემირლანთან დაკავშირებულ ყველა კითხვას ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან უსუსურად არიდებენ თავს და ცდილობენ ეს მისთვის ტერორისტის შერქმევით გაამართლონ, არა და ჩვენთვის ეს იმის დადასტურებაა, რომ ისინი არც კი ინტერესდებიან ამ საქმით. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს საქმე მის იმიჯს შელახავს, თუმცა ამ საქმის გამოძიებით ეს პირიქით მოხდებოდა და შექმნიდა ძალიან კარგ პრეცენდენტს. დაანახებდა პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, რომ მათი სიცოცხლეც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. ახლა კი გვაწუხებს კითხვები, თუ რატომ მოხდა ეს, რატომ არის ჩვენი სიცოცხლე უმნიშვნელო? რატომ უნდა ვიყოთ ნაკლებად დაცულები? რატომ არ ვართ სამართლიანობის ღირსები? რატომ მიგვიჩნევენ არასრულფასოვან მოქალაქეებად მთავრობაში?! მსგავსი კითხვები პანკისში ყველა შეკრების ადგილებში შეგხვდებათ და ამაზე პასუხის ძიებაში დღემდე ვართ, ზოგს დღემდე იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეჭვები არ იქნება მართალი, მაგრამ დიდი ალბათობით ჩვენ ვცდებით. უკვე ერთი წელი გავიდა, თემირლანის მამა, მთელი მისი ოჯახი იბრძვის, იბრძვის სამართლებრივი გზით, მათ ეს გზა აირჩიეს და სწორადაც მოიქცნენ. თუმცა ხელისუფლებამ ამის მნიშვნელობა არც კი გაიზიარა და არაღიარების, გულგრილობის სიცარიელეში დატოვა ოჯახი და ასევე მთელი ხეობა.
თემირლანის საქმეზე სამართლიანობის დაცვის ყველაზე პირველადი ვალდებულებაც კი არ შეასრულა ხელისუფლებამ. ამ პირობებში, როცა სახელმწიფო ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას ვერ ასრულებს, როგორ შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ ის სამართლიანობას, თანასწორობას დაიცავს და ჩვენი განვითარების და კეთილდღობის გარანტორი იქნება?!
ერთი წლის თავზე, როცა ჩვენთის საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობა და ფორმალურობა უკვე თვალსაჩინო გახდა, მივმართავთ პარლამენტს, მიიღოს ყველა ზომა ამ საქმეში დამნაშავე თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების პასუხისმგებლობის შესაფასებლად. ჩვემ დავინახეთ, რომ დავით სარალიძის საქმეზე პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თემირლანის სიცოცხლე გახდეს პარლამენტის მხრიდან აღიარებული და მან როგორც კოლექტიურმა პოლიტიკურმა ორგანომ დაგვანახოს, რომ კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და თანასწორობა ჩვენთვის, ჩვენივე სახელმწიფოში ბოლომდე არ არის გაუქმებული.
ჩვენ განმეორებით და კიდევ ერთხელ ასევე მივმართავთ პროკურატურას დროულად და სამართლიანად გამოიძიოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე და დასაჯოს სუს-ის ის თანამდებობის პირები და მოხელეები, რომლებმაც დაგეგმეს და ჩაატარეს საბედისწერო და გამორჩეულად სასტიკი სპეცოპერაცია ჩვენს ხეობაში.
- პროკურასტურას ვთხოვთ სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიებას, სპეცოპრაციის დაგეგმვასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების, ასევე სროლის განმახორციელებელი პირის დასჯას;
- პარლამენტის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა თემირლანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე და პასუხისმგებელი თანამდებობის პირების დანაშაულის შეფასებას;", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.