საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის, თქმით, გუშინ, ღამით, დაიწყეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. ამის შესახებ ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გუშინ, ღამე სხვადასხვა საშუალებით დაიწყეს გავრცელება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების, ეს იმდენად ბინძური საქციელია უკვე, მე ვფიქრობ, რომ შსს, პროკურატურა, უშიშროება უნდა დაინტერესდეს, საიდან მოდის, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ურტყამს „ქართულ ოცნებას“. როგორც კი გავრცელდა გუშინ, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გადაიდებოდა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მიქაუტაძე სასწრაფოდ ცდილობს, გამწესდეს, ისევე, როგორც მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში და, შესაბამისად, ემთხვევა - იმ ადამიანების წინააღმდეგ ხდება დისკრედიტაცია, ვინც ამის მომხრე არ იყო. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეებს უფრო მეტი წვდომა აქვს და პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გამოიძიოს,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა შსს-ს. როგორც სამინისტროში განაცხადეს, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით დადგენილ ფარგლებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას.