საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, მის წინააღმდეგ დაიწყო ახალი მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია სოციალური ქსელითა და მედიით აკრძალული მეთოდების გამოყენებით.
მისი თქმით, ბოლო ინფორმაციით, გუშინ სოციალური ქსელით გავრცელდა პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი. „ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“.
ბესელია მიმართავს შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს, სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დადგინდეს, თუ ვინ დგას ამის უკან და ისინი საჯაროდ გამოვლინდნენ.
„ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი.
მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემ მიმართ. ბოლო ინფორმაცია, რაც მომაწოდეს გუშინ, გვიან, სოც ქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი.
ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ და დამნაშავედ ცნო. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს. მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად, რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. რაც მიმაჩდა სწორად, ამ ვითარებაში.
თავად ვიყავი ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოებისა და კომუნიკაციის წესის დარღვევის.
ეს იმიტომ, რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან! ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ვის ხელში იყო ეს მასალა?
ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და ცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში...
აღარ გავაგრძელებ ! ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან? ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან, ბოლო ინფორმაციის ჩათვლით. საჯაროდ გამოავლინეთ! მე მგონი, კარგად ესმის ყველას, რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა“, - წერს ბესელია facebook-ზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის, თქმით, გუშინ, ღამით, დაიწყეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა შსს-ს. როგორც სამინისტროში განაცხადეს, საჯარო განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით დადგენილ ფარგლებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას.