ვაზისუბანში, კლინიკა „საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლები დილიდან კლინიკის ეზოში დგანან და ხელფასის დროულ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დილით მათ კლინიკაში დავალიანების გამო, ელექტროენერგია და წყალი გათიშული დახვდათ: „ამიტომ, ვერც პაციენტებს მოვემსახურებოდით. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კლინიკაში შუქი და წყალი არ გვაქვს", - ამბობენ კლინიკის თანამშრომლები.
მათივე ინფორმაციით, 2015 წლიდან ანაზღაურება უგვიანდებათ ან საერთოდ ვერ იღებენ: „მაგალითად, მე 2018 წლის განმავლობაში 5 თვის ხელფასი მაქვს აღებული. ისიც მწირი, გამომუშავებით 400-600 ლარი". ასევე, ექიმები საუბრობენ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, გაუმართავ სამუშაო პირობებზე. ამის ფონზე კი, პაციენტების უკმაყოფილებაზე.
კლინიკის ეზოში დაწესებულების დირექტორი, ვახტანგ ჭედიაც იმყოფებოდა, რომელმაც უარყო ინფორმაცია, რომ თანამშრომლებს თვეების განმავლობაში ხელფასები არ მიუღიათ, თუმცა, განაცხადა, რომ კლინიკას ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დაჯარიმებული, ასევე გაუნახევრდათ დაფინანსება, რის გამოც, ხანდახან ფინანსური პრობლემები ექმნებათ, ხანდახან ხელფასს სრულად ვერ აძლევენ თანამშრომლებს და სამუშაო პირობების მხრივაც ხარვეზებია.
„ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსება გაგვინახევრა, ამიტომ ისიც გასაკვირია ხელფასებს როგორ ვიხდით ხოლმე. სულ სხვანაირად ვართ შეთანხმებული სამინისტროსგან და მოდის იმის ნახევარი თანხა, ამ დროს კი, იქმნება გარკვეული პრობლემები კლინიკაში".
„ლიბერალი" ესაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს. მაია ხომერიკი განმარტავს, რომ ეს კლინიკა პირველადი ჯანდაცვის მიწოდების დაწესებულებაა და პროგრამის პირობების მიხედვით, 2019 წლის პირველ თებერვლამდე საჯარიმო სანქციების ადმინისტრრისების კუთხით მორატორიუმია გამოცხადებული:
„შესაბამისად, რაიმე სახის სანქცია თუ აქვთ დაკისრებული, მისი გადახდა ამ ეტაპზე არ ევალებათ. მათთან ერთად ახლა მიმდინარეობს ჯარიმის გადახედვასთან დაკავშირებით მუშაობა". ასევე, მაია ხომერიკი უარყოფს კლინიკის დაფინანსების განახევრების საკითხზე დირექტორის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასაც და ამბობს, რომ კლინიკა მათთან წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ამის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტით, ფორმდება ხელშეკრულება.
დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამ დროისთვის მედიაციის მოთხოვნის მიზნით სამინისტროში განცხადება არ შესულა, თუმცა სამინისტრო სწავლობს მდგომარეობას.
კლინიკის ეზოში ასევე იმყოფებოდნენ მედიცინის პროფკავშირის წარმომადგენლები. მათი ინიციატივით, თანამშრომლებისგან დაკომპლექტთა 4-კაციანი სამუშაო ჯგუფი და ამ წუთებში დირექტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ვაზისუბნის კლინიკაში მისული იყო ასევე რაიონის მაჟორიტარი ირაკლი აბუსერიძე და მათ დაპირდა, რომ მაქსიმალურად შეეცდება დახმარებას, თუმცა, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს, უცნობია:
„ეს კლინიკა არის იმისთვის, რომ ამხელა რაიონს მოემსახუროს, პაციენტებს შეუქმანს კომფორტი, მოემსახუროს მაქსიმალურად. იყო წინა პრობლემები რომელიც დავალაგეთ ჯანდაცვასთან. აქ ვარ მეც, საკრებულოს დეპუტატებიც, გამგეობაც. ახლა აქ იმიტომ ვართ, რომ სიღმისეულად გავყვებით პრობლებს და ეს პრობლემა აღარ ჰქონდეს პოლიკლინიკას. პასუხისმგებელი ვიქნები და მივყვები ბოლომდე ამ საკითხს“,- განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.