„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, მისთვის აღმაშფოთებელია ფარული ჩანაწერების გავრცელება, თუნდაც იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ის დიდი ხანია ებრძვის. ელისაშვილის თქმით, „ოხერია ბესელია, მაგრამ მის წინააღმდეგაც კი ასეთი ბრძოლა მიუღებელია“. „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ჰყვება, რომ მას თავადაც სთავაზობდნენ ამ კადრების გამოყენებას, თუმცა მისთვის მიუღებელი მეთოდებით ბრძოლა არ ისურვა.
„ეკა ბესელია მე როგორ მეხატება გულზე, ეგ მთელმა საქართველომ იცის. მაგრამ ეკა ბესელიასთანაც ასეთი ბრძოლა არის გულისამრევი და აღმაშფოთებელი. ეკა ბესელიასაც კი არ უნდა ებრძოდე ფარული ჩანაწერებით და რაღაც ჩუმად გადაღებული ვიდეოებით. ეს არის ამაზრზენი. მარჩიელობა, რომ ნეტა ვინ ავრცელებს არაა სწორი. უშიშროება ავრცელებს და პირადად ივანიშვილი ავრცელებს, თუ ასე დაკონკრეტება გვინდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიამ მოსამართლეების თემა თავად გამოიყენა „ოცნებასთან“ დასაპირისპირებლად. რადგან მმართველი გუნდიდან დეპუტატის გაგდება დიდი ხანია უნდათ.
„მოსამართლეები სულ სხვა თემაა. ბესელია არის კაი ოხერი ქალი. მისი გაგდება უნდოდათ დიდი ხანია პარტიიდან და პარლამენტში თანამდებობიდან ჩამოშორება. ის სხვებზე გაცილებით ჭკვიანია, გაიტრუნა და რომ დაინახა ეს თემა, ჩაებღაუჭა მოსამართლეების თემას და ძალიან მოხერხებულად დაუტრიალა მთელ „ქართულ ოცნებას“.
ბესელიას გაშვება უნდათ იმიტომ, რომ დიკსრედიტებულია და მათი სახელით რომ ლაპარაკობდა დისკომფორტს უქმნიდა. მაგრამ ბესელიამ მოახერხა, რომ იქით შეუტრიალა დასაპირისპირებელი თემა. ოხერია ბესელია, მაგრამ მის წინააღმდეგაც კი ასეთი ბრძოლა მიუღებელია. მეც მთავაზობდნენ, რომ მასთან ბრძოლაში გამომეყენებინა ათასი სიბინძურე, მაგრამ მე არ ვიკადრე. სამაგიეროდ იკადრა ივანიშვილმა. მერჩივნა გავტანჯულიყავი და ჩემი სიმართლე წლების განმავლობაში მემტკიცებინა ისე, როგორც შემეძლო. კარდაკარ დადიოდნენ ლამის იმ კადრებით, მაგრამ მე არ გავიკარე ეგ ხალხი, მერე მივიდნენ ელისო კილაძესთან. გახსოვთ ალბათ ეგ ისტორია. მე არ მაინტერესებს არავის პირადი ცხოვრება. “, - თქვა ელისაშვილმა.