მოქალაქეები ოქროს უბანში, ნინოშვილის ქუჩის გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე პარკის მოწყობას მოითხოვენ. ისინი საპროტესტო აქციას თბილისის მერიასთან მართავენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ ადგილის დაკავება დეველოპერებს კორპუსების ასაშენებლად სურთ. მათი თქმით, უბანში, რომელსაც პარკები ისედაც აკლია და იქ მცხოვრებლებს დასვენებისა და სპორტული აქტივობის საშუალება არ აქვთ, პარკის მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის მოქცეული კვარტალი, რომლის ფართიდან ერთი ჰექტარი მთლიანად გაუნაშენიანებელია, თბილისის თვითმმართველ ერთეულს ეკუთვნის, ე.ი. ის მოქალაქეთა საკუთრებაა. ესაა არა მარტო ოქროს უბანში, არამედ მის მომიჯნავე დიდ არეალზე ერთად ერთი რეალური შესაძლებლობა, პარკის დაარსებით ზემოთ აღწერილი მძიმე მდგომარეობა ნაწილობრივ მაინც გამოსწორდეს ისე, რომ ქალაქის მმართველობას კერძო მესაკუთრეთაგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა არ დასჭირდეს.
არა და მერია სწორედ კერძო პირებისგან განიცდის წნეხს ამ ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად და ამ წნეხის საპირწონე ხმა მოქალაქეებისგან უყურადღებოდ რჩება - უბნელების და ფართე საზოგადოების მიერ აღნიშნულ კვარტალში მოწყობილ ორ აქციას მერიის გადაწყვეტილება პარკის დაარსებაზე არ მოჰყოლია.
ამიტომ ახლა უკვე მერიის წინ შევიკრიბოთ და ჩვენი მტკიცე მოთხოვნით დავანახოთ ქალაქის მმართველობას, რომ ოქროს უბანში პარკის მოწყობა მისი არსებითი მოვალეობაა, რომ ის მოქალაქეთა წარმომადგენელია და უფლება არ აქვს ანგარებას გამოკიდებულ კერძო პირთა კარნახით მოქმედებდეს" - ნათქვამია მათ განცხადებაში.