Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არის პარკის მოწყობა ოქროს უბნისთვის მნიშვნელოვანი

30 იანვარი, 2019 19:13

ოქროს უბანში, ნინოშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ ჰექტრამდე გაუნაშენიანებელი ადგილია. ბოლო წლებია აქ ასფალტის მოედანზე ავტოსკოლაა მოწყობილი. ოქროს უბნის მოსახლეობა კი ქალაქმგეგმარებლებთან ერთად ამ ტერიტორიაზე პარკის მოწყობას მოითხოვს. დღეს მოქალაქეებმა პარკის გაშენების მოთხოვნით მერიასთან აქციაც გამართეს.

აქაურებს დასვენების და სპორტული აქტივობის არავითარი საშუალება არ აქვთ, ცხოვრების პირობები კი ძალიან მძიმეა - გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი, მანქანების ხმაური, ურთიერთობებისთვის გამოსადეგ საზოგადოებრივ სივრცეთა არარსებობა, ბინების სავალალო მდგომარეობა“, - ჩივიან აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, პარკის მოწყობა ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს მძიმე მდგომარეობა ოქროს უბანსა და მომიჯნავე ადგილებში გამოსწორდეს. „ქალაქმგეგმარებელთა რეალურმა ლაბორატორიამ“ კვლევაც ჩაატარა, რომელიც ამ ადგილას პარკის მოწყობის საჭიროებასა და შესაძლებლობას ეხებოდა. თუმცა, მოქალაქეები ყველაზე მეტად იმაზე შიშობენ, რომ მერიამ ტერიტორია შესაძლოა, კორპუსების ასაშენებლად გაყიდოს.

ტერიტორია ერთხელ უკვე გადაეცა კერძო მესაკუთრეს - „ცენტრ პოინტს“, რომელმაც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ადგილი ისევ ქალაქს დაუბრუნდა. მაგრამ შარშან თბილისის მერიაში განაშენიანების გეგმის პირობებზე განაცხადი კომპანია m2-მაც შეიტანა. ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე „ლიბერალს“ უყვება, რომ მათმა აქტივიზმა პროტესტის სახე ამ დროიდან მიიღო:

„კომპანია „ცენტრ პოინტს“ უნდა შეესრულებინა ქალაქისთვის რაღაც პირობები. აეშენებინა რაღაცები, მაგრამ ეს ვერ შეასრულა და ტერიტორია დაიბრუნა ქალაქმა.

ამის შემდეგ გაჩნდა ეს მოსაზრება, რომ თუ m2 გადაიბარებდა „ცენტრ პოინტის“ ვალებს, ამის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტი ამ ადგილს კომპანიას მისცემდა და m2 „ცენტრ პოინტით“ დაზარალებულთა მცირე ნაწილს შეასახლებდა იქ.

ეს იყო ყველაზე საშიში მომენტი. რადგან m2-მა შეიტანა კიდეც თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურში განაცხადი განაშენიანების გეგმის პირობების აღებაზე. აი მაშინ დავიწყეთ პროტესტი. იქ რომ განაშენიანების პირობები გაიცეს, მერე ამ ადგილს აღარაფერი უშველის“, - ჰყვება „ლიბერალთან“ ზურაბ ბაქრაძე.

ქალაქმგეგმარებელი ჰყვება, რომ m2-თვის ეს ადგილი თბილისის მერიას „ცენტრ პოინტის“ ვალების დაფარვის სანაცვლოდ უნდა გადაეცა. „ცენტრ პოინტისგან“ 6 000-ზე მეტი დაზარალებული ადამიანია. დაზარალებულთა ნაწილი ამ მიზეზით ოქროს უბანში პარკის მშენებლობას ეწინააღმდეგება.

თუმცა, მოქალაქეები, ვინც აქ პარკს მოითხოვენ, ამბობენ, რომ კონკრეტულად ამ ადგილას კომპანიას დაზარალებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი უნდა შეესახლებინა, შესაბამისად, 6 000 ადამიანის ბედზე საუბარი, მხოლოდ მანიპულაციაა.

ამასთან, ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ დაზარალებულები მერიამ სწორი განაშენიანების პირობებში უნდა დააკმაყოფილოს. ოქროს უბანს და შეიძლება ითქვას, თბილისს კი ამ ადგილას სარეკრეაციო ზონა ჰაერივით სჭირდება.

„ამ უბნის სწორად განაშენიანება შეიძლება, მთელი ამ განაშენიანების და უბნის განვითარების ელემენტია ეს პარკი. ეს აუცილებელი ელემენტია.

ძალიან მნიშვნელოვანია პარკი იმის გამო, რომ ეს უნდა ხალხს. მაგრამ ჩვენ დიდი ხანია ვიკვლევთ ამ სივრცეს და სუფთად პროფესიული თვალსაზრისითაც შეიძლება ითქვას, რომ იქ აუცილებელია პარკის გაკეთება. სხვა შანსი არ აქვს არა მარტო ოქროს უბანს, არამედ ბევრად უფრო დიდ ადგილს, რომ გამოსწორდეს შექმნილი დისპროპორცია.

არის ასეთი ნორმატიული მოთხოვნა, რომ საქვეითო წვდომის მანძილზე ადამიანს უნდა ჰქონდეს პარკი. ანუ მაქსიმუმ 500 მეტრში უნდა იყოს სარეკრეაციო სივრცე, იქ კი ამის სხვა შესაძლებლობა არ არის. ამიტომ აუცილებელია პარკის მოწყობა და ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს თბილისია ჩავარდნილი, ეს იქნება გარღვევა“, - ჰყვება ზურაბ ბაქრაძე „ლიბერალთან“.

ფოტო: „პარკი ოქროს უბანს“

ოქროსუბნელები პარკის გაშენებას მეორე წელია ითხოვენ. ირაკლი მურღულიაც ერთ-ერთი ადგილობრივია, რომელიც უბანში სარეკრეაციო ზონის მოწყობისთვის იბრძვის. ის ჰყვება, რომ ეს ტერიტორია არც აქამდე ყოფილა განაშენიანებული. წლების განმავლობაში აქ სპორტული მოედანი იყო, იყო ცნობილი საფეხბურთო სკოლა და მოსახლეობას ჰქონდა სივრცე სპორტისათვის. დღეს კი ოქროს უბანს საცხოვრებელი სახლებით კიდევ უფრო გადატვირთვა ემუქრება.

„ეს იყო ხან საზოგადოებრივი სივრცე და უმეტესად სპორტული მოედანი. 35-ე სპორტულ სკოლას ეკუთვნოდა და აქ ვარჯიშობდა ძალიან ბევრი ადამიანი. აქ არის, თუ არ ვცდები, 1932 წელს აშენებული დარბაზი. არის ღირსშესანიშნაობა, სარეკომენდაციო ძეგლია. ადრე იყო კალათბურთის დარბაზი და დღეს სამ ტატამზე ჭიდაობს დაახლოებით 500 ბავშვი.

ამ ტერიტორიების მშენებლობით განვითარება ნიშნავს იმას, რომ ეს ერთადერთი ადგილი, რომელიც ამ უბანს გააჩნია და არა მარტო ამ უბანს, დაიკარგება. ეს ერთადერთი ნუგეში ეკუთვნის ქალაქს და ეს ბოლო კუნძულიც რომ გასხვისდეს, აღარასდროს ექნება ამ ადგილს, დიდუბეს და ჩუღურეთს სივრცე, სადაც შეიძლება სპორტით დაკავდეს ადამიანი ან მოეწყოს რეკრეაცია“, - ჰყვება „ლიბერალთან“ ირაკლი მურღულია.

ოქროს უბნის მცხოვრები ამბობს, რომ სარეკრეაციო ზონის მოწყობას წინაპირობას უქმნის გენგეგმა და კანონმდებლობაც. კორპუსების მშენებლობა ამახინჯებს ისტორიულ უბანს, სპორტული ობიექტების დემონტაჟი კი ადეკვატური სანაცვლო სივრცის მოწყობის გარეშე დაუშვებელია.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი ამბობს, რომ ის ტერიტორიები რომლებიც არ ყოფილა განაშენიანებული, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა განაშენიანდეს და აქ განსაკუთრებული შემთხვევა ნამდვილად არ არის.

სპორტის შესახებ კანონი ამბობს, რომ დაუშვებელია სპორტული ობიექტების დემონტაჟი, თუ ადეკვატური ღონისძიებები არ გატარდება. ეს ადეკვატური ღონისძიება კი იქ შეუძლებელია გატარდეს. უბრალოდ ადგილი არ არის, რომ ასეთი მოედანი, დარბაზი და რეკრეაციული ადგილი მოეწყოს“, - ჰყვება ირაკლი მურღულია.

შარშან ოქროსუბნელებმა თბილისის მერიასა და საკრებულოში ხელმოწერებიც შეიტანეს. 500-500 ხელმოწერა პარკის გაშენების მოთხოვნით. ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ მერიის წარმომადგენლები ამ საკითხის განსახილველად მათ არ შეხვედრიან.

აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის იმედი დღესაც ჰქონდათ. თუმცა თბილისის ვიცე-მერმა აქციის ფორმით მერიაში მისვლა გააკრიტიკა. ირაკლი ხმალაძის თქმით, პირადად მასთან შეხვედრის მსურველებს წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ და ამ აქციის მონაწილეებსაც, თუ სურვილი ექნებათ, შეხვდება. ისინი კი მუდმივად აქციის ფორმატში არიან.

ხმალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ არ დაზიანდეს არც „ცენტრ პოინტით“ დაზარალებულთა და არც ოქროსუბნელთა ინტერესები.

„ამ თემაზე ჩვენ ერთი-ორი თვის წინ გვქონდა აქტივობები და გაკეთდა განცხადებები, როგორც მოსახლეობის მხრიდან, ისე ჩვენი მხრიდან.

ეს იკვეთებოდა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებული მოსახლეობის საკითხის დარეგულირებასთან. მერიამ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და არ დავაზიანებთ არც ადგილობრივების ინტერესებს, ისე, რომ ჩვენ მოვახერხოთ ცენტრ პოინტის პრობლემური ობიექტების საკითხის გადაჭრა.

მე საერთოდ ვერ ვხედავ აქციის მიზეზს. რომ აქციით მომართონ მერიას. როცა აქციით მომართავენ, მაშინ იმ შემთხვევაში მშენებელობაზე გადაწყვეტილებას უნდა ვიღებდეთ. ჩვენ კი არ გვაქვს არანაირი აქიტური განცხადება მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

ან მეორე მიზეზია, რომ ითხოვენ შეხვედრას. მე კი შეხვედრაზე არასდროს არ ვამბობ უარს. ყოველთვის ვთავაზობთ, რომ მოვიდნენ და დაველაპარაკოთ, ამოდის ეს ხალხი და გველაპარაკება. ისევე ამათაც, თუ აქვთ სურვილი შეგვიძლია საკითხი განვიხილოთ. მუნიციპალიტეტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ქალაქის ინტერესებში“, - განაცხადა ხმალაძემ.

ზურაბ ბაქრაძეს კი იმედი აქვს, რომ ვაკის პარკში აქტივისტების გამარჯვება ტენდენციად იქცევა. გამწვანება თბილისში პრიორიტეტი იქნება, როგორც ამას მოქალაქეებს თბილისის მერი დაპირდა და ოქროს უბანს პარკი ექნება.

ფოტო: „პარკი ოქროს უბანს“

ქალაქმგეგმარებლის თქმით, რაც მთავარია, მერიამ კერძო კაპიტალის არაფორმალური წნეხი უნდა გადალახოს. გაითვალისწინოს მათი ინტერესებიც, ოღონდ მხოლოდ სწორი განაშეიანების პირობებში. სხვა შემთხვევაში კი პირველ რიგში ქალაქი და მოქალაქეები დააყენოს.

ნინოშვილის მიმდებარედ გაუნაშენიანებელი ტერიტორიაა, ასფალტის მოედანი. თანაც ტერიტორია ქალაქის საკუთრებაა. ამიტომ ქალაქმგეგმარებლებსა და ოქროსუბნელებს იმედი აქვთ, რომ აქ სარეკრეაციო ზონის მოწყობა ვაკის პარკის გადარჩენაზე მარტივი იქნება.

„პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნაა, რომ არ მოხდეს ამ ტერიტორიის გასხვისება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ძალიან სწრაფად გვაცნობონ იმ გრგ-ს განცხადების ბედი, რომელიც შეიტანა m2-მა, სადაც ითხოვდა, რომ მოგვეცით მშენებლობის ნებართვაო და ამაზე უარი გამოუცხადონ. შემდეგი ეტაპი არის, რომ აქ დაიწყოს პარკის და სპორტული მოედნის მოწყობის ღონისძიებები. დაიგეგმოს, როგორ უნდა მოეწყოს სარეკრეაციო ზონა და საბოლოოდ მივიღოთ პარკი“, - ჰყვება ირაკლი მურღულია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^