დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის გოგოს დაღუპვის საქმის მოკვლევის საფუძველზე, 2 უფროსი სოცმუშაკი და 2 სოცმუშაკი გაათავისუფლა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც „ლიბერალს“ სამინისტროში განუცხადეს, გათავისუფლდნენ გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის თანამშრომლები.
მინისტრის მოადგილის ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის სოციალურმა მუშაკებმა განცხადება გაავრცელეს. სოცმუშაკები აცხადებენ, რომ მინისტრს არაერთხელ მიმართეს დახმარებისთვის, „რადგან ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობას ცდება იმ სამუშაოების ჯეროვნად შესრულება, რაც დღეს სოციალურ მუშაკებს გვაკისრია. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ, ალბათ, სანამ რომელიმე სოციალური მუშაკი სამსახურებირივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად არ განადგურდება, მანამდე სისტემა ვერ დაინახავს რეალურ უფსკრულს, თუმცა მსხვერპლი, სამწუხაროდ, ყველაზე უდანაშაულო არსება აღმოჩნდა“.
სოცმუშაკები აცხადებენ, რომ მინისტრმა დიდი ხანია იცოდა, რომ მუშაკთა რაოდენობა ვერ წვდებოდა მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროულ და სრულ იდენტიფიცირებასაც კი.
„არც იფიქროთ, რომ რომელიმე სოციალური მუშაკი გავურბივართ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ თქვენ თუ გრძნობთ ამ პასუხსმგებლობას? თუ გრძნობთ, რას აკეთებთ? ეძებთ რომელი ცენტრის სოციალური მუშაკი მეტად დამნაშავეა, რომ სამაგალითოდ დასაჯოთ, ხომ? კი ბატონო, ჩვენ ყველანი დავტოვებთ პოზიციებს და სიმართლეს დავიცავთ თუნდაც სასამართლოში, მაგრამ ესაა გამოსავალი?! ეს არ უშველის იმ ასობით ბავშვს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოსულია სააგენტომდე, თუმცა ვერ ვახერხებთ შემთხვევის დროულად გაცნობას, არათუ შემდგომ თითზე დასათვლელ „მომსახურებებში“ ადეკვატურ ვადებში ჩართვას. სამწუხაროდ, ბევრია ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, სადაც არ უნდა დავაგვიანოთ რეაგირება! არ უნდა დაგვაგვიანებინოთ!“, - აცხადებენ სოციალური მუშაკები
განცხადების სრული ვერსია:
ბატონო მინისტრო, მოგმართავთ საჯაროდ რადგან ვშიშობთ ჩვენს მიერ თქვენთან ოფიციალურად გამოგზავნილი წერილი არ „დაიკარგოს“ “შემთხვევით” ან შვებულებაში გასული თანამშრომლის უჯრაში არ აღმოჩნდეს 10 სამუშაო დღის შემდეგ. იმედი აღარ გვაქვს რომ თქვენამდე მოვა სოციალური მუშაკების ხმა, რომელთაც არაერთი წერილი დავწერეთ, თუმცა ამაოდ...
პირველ რიგში როგორც რიგითი მოქალაქეები და განსაკუთრებით, როგორც სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკები ღრმა მუწუხარებას გამოვთქვამთ, 4 წლის ნინოს გარდაცვალების გამო და თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნული ფაქტის წინაშე. როგორც ჩანს საკმარისი არ იყო არაერთი მოხსენებითი ბარათი/წერილი რითიც ვითხოვდით, მოვითხოვდით თქვენს დახმარებას, რადგან ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობას ცდება იმ სამუშაოების ჯეროვნად შესრულება რაც დღეს სოციალურ მუშაკებს გვაკისრია. არაერთხელ აღგვინიშნავს რომ ალბათ სანამ რომელიმე სოციალური მუშაკი სამსახურეობირივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად არ განადგურდება მანამდე სისტემა ვერ დაინახავს რეალურ უფსკრულს, თუმცა მსხვერპლი სამწუხაროდ ყველაზე უდანაშაულო არსება აღმოჩნდა.
წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ჰქმნიდე მომსახურებას და არ გაინტერესებდეს მომსახურების მიმწოდებელი თუ გყავს.
დიახ ბატონო მინისტრო, ჩვენ სოციალური მუშაკები ვართ თავად მომსახურება და იმ მომსახურების მიმწოდებლები, რასაც სთავაზობთ მოქალაქეებს. თუმცა თქვენ კარგად იცით რომ დიდი ხანია სოციალური მუშაკების რაოდენობა ვერ წვდება მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროულ და სრულ იდენტიფიცირებასაც კი. ჩვენ ვართ ადამიანები რომლებიც ვიმყოფებით მუდმივად „საოპერაციო ბლოკში“ სადაც უამრავი ბავშვია „ნარკოზის“ ქვეშ, არ გვაძლევთ სათანადო "აღჭურვილობას" რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე. არ გვაქვს სოციალურ მუშაკებს 10 ხელი, რასაც ხშირად ვნატრობთ, რადგან რეალურის მოლოდინი ბევრად ნაკლებია
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი სულაც არ მოითხოვს სოციალური მუშაობის მიმართულებით სპეციალურ ცოდნას, რაზეც ხშირად კეთდება აქცენტი, თითქოს საკმარისი რაოდენობით პროფესიონალი არ მოიძებნება.
ეს ყველაფერი თქვენ იცით!
არც იფიქროთ რომ რომელიმე სოციალური მუშაკი გავურბივართ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ თქვენ თუ გრძნობთ ამ პასუხსმგებლობას? თუ გრძნობთ, რას აკეთებთ? ეძებთ რომელი ცენტრის სოციალური მუშაკი მეტად დამნაშავეა რომ სამაგალითოდ დასაჯოთ, ხომ? კიბატონო, ჩვენ ყველანი დავტოვებთ პოზიციებს და სიმართლეს დავიცავთ თუნდაც სასამართლოში, მაგრამ ესაა გამოსავალი?!
ეს არ უშველის იმ ასობით ბავშვს რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოსულია სააგენტომდე, თუმცა ვერ ვახერხებთ შემთხვევის დროულად გაცნობას, არათუ შემდგომ თითზე დასათვლელ „მომსახურებებში“ ადეკვატურ ვადებში ჩართვას. სამწუხაროდ ბევრია ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, სადაც არ უნდა დავიგვიანოთ რეაგირება! არ უნდა დაგვაგვიანებინოთ!!!
აღარც გთხოვთ და აღარც მოვითხოვთ, გემუდარებით... გაიგონეთ ჩვენი ხმა, ბატონო დავით!
წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით დავიწყოთ შესაბამისი პროცედურები. ამ დრომდე მაქსიმალურად ვიკავებდით თავს პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმისგან, რადგან არ გვსურს ჩვენი საქმიანობის შეჩერებით მოქალაქეები დაზარალდნენ და ველით თქვენგან უმოკლეს ვადებში ადეკვატურ ნაბიჯებს.
პ.ს დღეის მდგომარეობით, სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების ვალდებულებაა აწარმოონ სახელმწიფო მზრუნველობაში არსებული არასრულწლოვნების საქმეები (რეინტეგრაცია/მინდობით აღზრდა), დღის ცენტრის, ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების, რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ადრეული განვითარების, მცირე საოჯახო ტიპის სახლების, სათემო ორგანიზაციების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ქვეპროგრამებში ჩართვა/მონიტორინგის; მეურვეობა/მზრუნველობა/მხარდაჭერის, შვილად აყვანის, ბავშვზე და ოჯახში ძალადობის, ოჯახური დავების, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, საპროცესო წარმომადგენლობის, გადაუდებელად შესასწავლი შემთხვევების, მიმღებ მშობლად/მშვილებელ კანდიდატად დარეგისტრირების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახალხო დამცველის, შსს და სხვა უწყებების მომართვებზე რეაგირების განხორიელება/მონიტორინგი. შესაბამის მომსახურებებში ჩართვასთან დაკავშირებით არამატერიალიზებული ვაუჩერის ბეჭდვა, პროგრამებში ჩართვის გადაწყვეტილებების და რეესტრების მომზადება/მონიტორინგი, ასევე, მეურვეობა–მზრუნველობისა და სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებული მოქალაქეთა კონსულტირება და განცხადებების მიღება.
წაიკითხეთ „ლიბერალზე“ 2017 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც სწორედ გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრია აღწერილი და მისი თანამშრომლები საუბრობენ არსებულ პრობლემებზე: