„თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი“ - განუცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით.
„უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? კალაძის სინდისსა და ნამუსზეა. „ყაზტრანსგაზი“ არის მაგისი. ახლა ვეუბნებოდი, რომ გააკეთოს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ, ეს გაზი როგორ არის და რანაირად არის. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო. კალაძის პირადი პასუხისმგებლობაა, მან გადაუფორმა და თვითონაც გადაიფორმა ბეჟუაშვილისთვის და მაქაცარიასთვის ეს კომპანია. თბილისში რომ ხალხი იხოცება, ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი. „ყაზტრანსგაზი“ კი, რომელიც კალაძის, ბეჟუაშვილისა და მაქაცარიას კომპანიაა, არის მკვლელი კომპანია,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
დღეს, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ გაზის ინტოქსიკაციით 7 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.