ევროპარლამენტმა ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად ცნობას მხარი დაუჭირა. მან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსაც. გუაიდოს მხარდაჭერის ტექსტი სხვადასხვა წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად მიიღო. გუაიდოს ცნობას პარლამენტის 439 წევრმა დაუჭირა მხარი, 104 წინააღმდეგ წავიდა, 88 მათგანმა კი ხმის მიცემისაგან შეიკავა თავი.
ევროპარლამენტის მხარდაჭერის ტექსტით, ხუან გუაიდო არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, სანამ ვენესუელაში არ გაიმართება გამჭვირვალე, სანდო საპრეზიდენტო არჩევნები და არ აღდგება დემოკრატია.
„დეპუტატები გმობენ ვენესუელის ხელისუფლების სასტიკ რეპრესიებსა და ძალადობას, რომლის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ხალხი. მოუწოდებენ ვენესუელის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს ადამიანის უფლებების დარღვევა ქვეყანაში“, - ნათქვამია ევროპის პარლამენტის განცხადებაში.
ეროვნული ასამბლეის სპიკერმა და ოპოზიციის ახალგაზრდა ლიდერმა, ხუან გუაიდომ დროებით პრეზიდენტად თავი 23 იანვარს, აქციაზე გამოაცხადა.
ის დაჰპირდა მოსახლეობას, რომ მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემთხვევაში ქვეყანაში დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს.
ხუან გუაიდო ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად ცნო აშშ-მა, კანადამ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობამ და საქართველომ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გუაიდოს და ვენესუელელ ხალხს მხარდაჭერა Twitter-ით გამოუცხადა.