საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავცელებას ეხმაურება და „სასტიკად გმობს მსგავსი მეთოდების ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის იარაღად გამოყენებას".
„სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების უფლების უხეში ხელყოფის ხარჯზე წარსულშიც მომხდარა ადამიანების დევნა, შანტაჟი და იძულება. საგულისხმოა, რომ მსგავსი მეთოდებით განსაკუთრებით აქტიურ, წარმატებულ ქალებს ებრძვიან და ცდილობენ მათ განდევნას საჯარო სივრციდან. ეს ხაზს უსვამს დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათს, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლებს, არამედ აზარალებს ჩვენს საზოგადოებას.
დღეს, როდესაც ვიბრძვით ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის – ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თანასწორი, სრულფასოვანი პირობების შექმნისთვის და სწრაფი განვითარებისათვის, დაუშვებელია მსგავს ფაქტებზე თვალის დახუჭვა და საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა" - ნათქვამია განცხადებაში.
გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ყურადღება გაამახვილონ დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათზე და უმოკლეს ვადებში გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ ყველა დამნაშავე პირი.