საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, ის ელოდება გამოძიების შემდგომ ნაბიჯებს სამართალდამცავი უწყებებისგან. მისი თქმით, მთავარი არის ის, თუ ვინ არიან ის პირები, ვისგანაც წამოვიდა ეს დანაშაულებრივი განზრახვა [ფარული ჩანაწერების გავრცელება].
„მე ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს, რადგან მთავარია, გარდა ამ გამავრცელებელი პირებისა, რომლებიც პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემულნი, ის ვისგანაც წამოვიდა თავიდან ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება, ვინც იყო ინიციატორი ამ უკანონო ჩანაწერის გავრცელების და იყო ამ დანაშაულბრივი ქმედების სათავეში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, გააგრძელებს ბრძოლას იმ მიზნისთვის, რის წინააღმდეგაც გამოიყენეს ეს მეთოდი.
„მე ამისთვის მზად ვიყავი და პასუხისმგებლობა გადადის ყველა იმ ადამიანზე და ყველა იმ ორგანოზე, რომლებსაც ევალებათ, რომ დაცული იყოს ქვეყანაში კონსტიტუციური გარანტიები. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ბრძოლას იმ მიზნისთვის, რისთვისაც ეს ფორმა იყო გამოყენებული. ეს არის მეთოდი იმისთვის, რომ მიზანი იყოს ჩემი განეიტრალება, ჩემი შეჩერება და ჩემზე მორალური წნეხი. ამიტომ ეს მიზანი ვერ მიიღწევა. მე იმ საქმეს ახლაც ვაგრძელებ, რისთვისაც დავიწყე ეს პროცესი. ეს არის სამართლიანობის იდეა, სამართლიანი სასამართლო და ეს არის ქვეყანაში გამართული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება“, - თქვა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, ისეთი მოსამართლეები, როგორიცაა დიმიტრი გვრიტიშვილი და მისი განცხადებები, თითქოს ჩანაწერების გავრცელება ბესელიას ინტერესში იყო, არის სახიფათო მართლმსაჯულებისთვის.
„ამგვარი მოსამართლეები [დიმიტრი გვრიტიშვილი], რომლებიც მოსამართლეებად იწოდებიან სამწუხაროდ და ეს არის კრახი მთელი ამ პროცესის, არ უნდა იყვნენ მართლმსაჯულების მანტიის ქვეშ, იმიტომ რომ სახიფათო იქნება, ჩვენი მოქალაქეების საქმე განსაჯოს ისეთმა მოსამართლეებმა, რომლებიც ასეთი ამაზრზენი მოსაზრებებით, თუ ბრალდებებით დაინახოს საზოგადოებამ“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.