„რასაც დღეს ვხედავთ, ბიძინა ივანიშვილის ხელწერაა", - ასე ეხმაურება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეს.
ბოკუჩავას შეფასებით, პირადად ივანიშვილის დავალებაა ასეთი დანაშაულის სანქცირება.
„არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე გავრცელდა. სუს-მა შემდგომ ეს კადრები ვირუსულად ათობით ჩვენს მხარდამჭერსა და მთელი საქართველოს მასშტაბით ბევრ ადამიანს გაუგზავნა, რადგან ხვდებოდნენ, რომ ვინმე უნდა დაესაჯათ.
ცხადია, ისინი ვერ დასჯიან ადამიანს, ვინც ეს დაუკვეთა, რადგან ეს ადამიანი თავად ამ ქვეყნის მმართველი ბიძინა ივანიშვილია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ისრები სხვაზე გადააქვს და ეს სხვა ყოველთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, რომლისგანაც მტრის ხატს ქმნიან. მაგრამ არ გამოგივათ, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა და სუს-ს დაავალა, რომ ათეულობით ჩვენი მხარდამჭერისთვის ეს კადრები გადაეგზავნათ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე 16 პირია დაკავებული.