„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, შეხვედრაზე 4 ძირითადი საკითხის დაყენებას აპირებს.
„მოვედი ოთხი ძირითადი საკითხით, რაც მინდა, რომ დავაყენო და გადაწყვეტილებები შევაჯეროთ. პირველი - ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე პარლამენტში კანონმდებლებმა ვიმსჯელოთ და ამ პროექტის დაწერა არ მოხდეს იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ და რომლებსაც თავად სურთ, რომ გახდნენ მოსამართლეები.
მეორე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაა და ეს ცვლილება უკვე მომზადებული მაქვს, როგორც წინა სხდომაზე შევთანხმდით.
მესამე - თავად კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც კანონში უნდა მივიღოთ, რათა რისკები დავაზღვიოთ და მოსამართლეთა შერჩევის ჯანსაღი პროცესი გაიმართოს.
მეოთხე - ასევე უნდა ვიმსჯელოთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებითაც. ესეც შემადგენელი საკითხია იმ მთელი პროცესის და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ ღირებულებების დამცველი იყოს ამ კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენ პრინციპულად ვიცავთ. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც დღეს მინდა, რომ ვისაუბრო და გადაწყვეტილებები მივიღოთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ სხდომის დაწყებამდე.
ბესელიას თქმით, ეს არის მისთვის მთავარი საკითხები, რისი განხილვაც სურს. თუმცა, საუბარი შესაძლოა, ფარული ჩანაწერების გავრცელებაზეც ჰქონდეს. „ამაზე საუბარი ალბათ იქნება, მაგრამ მთავარი დღის წესრიგი არის ის ოთხი საკითხი, რომლითაც მოვედი,“ - თქვა ბესელიამ.