დეპუტატ მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დღეს მოსამართლეებისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხთან ერთად პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შესახებაც იმსჯელეს. მდინარაძის თქმით, რეზიდენციის საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სასახლის ერთ-ერთ ფუნქციად ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმს განიხილავს.
„ერთ-ერთი საკითხი იყო პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია. რომელზეც შეიქმნა პირობითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეხვდება სხვადასხვა პირებს, სოციალურ ჯგუფებს და უახლოეს დღეებში, მე ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით მიღებული.
მაგალითად, მე ვიცი, რომ ერთ-ერთ ვერსიას გაგიმხელთ მხოლოდ და მხოლოდ ჯერ, რომელსაც პირადად მე აბსოლუტურად ვეთანხმები, ვიზიარებ და თანაავტორადაც კი შემიძლია დავასახელო თავი ჩემს კოლეგებთან, არჩილ თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად - შესაძლებელია ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზე იყოს საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.