პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ფარულ ჩანაწერში შეუძლებელია გარჩევა, დევს თუ არა ტელეფონი Iphone 5.
„ეს არის მარტივი სპეკულაცია, იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია. 5 ჩანს, მაგრამ Iphone 5 არ ვიცი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ თქვა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს მობილური - Iphone 5, რომელიც 2012 წლის ბოლოს გამოვიდა გაყიდვაში. შესაბამისად, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ის საქართველოში ვერ იქნებოდა.
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე 17 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, პირი, რომელმაც პროკურატურის მტკიცებით ვიდეო YouTube-ზე ატვირთა. პროკურატურას, ჯერჯერობით, არ დაუკავებია კადრების პირველწყარო.
Iphone 5-ის გამოსვლის თარიღი ოფიციალურად 2012 წლის 21 სექტემბერია. Apple-მა წინასაწარი შეკვეთების მიღება ტელეფონზე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე კი გაყიდვა 2012 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად დაიწყო.