თვითმფვრინავის ნამსხვრევებში, რომელსაც ფეხბურთელი ემილიო სალა და პილოტი დევიდ იბატსონი გადაჰყავდა, ერთი ცხედარი აღმოაჩინეს.
BBC-ის ინფორმაციით, გაუჩინარებიდან თითქმის ორ კვირაში თვითმფრინავის ნამსხვრევები ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს.
არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა 21 იანვრის საღამოს, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში მოჰყვა. ის მცირე ზომის თვითმფრინავში იმყოფებოდა და ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა. სალამ შაბათს „კარდიფ სიტისთან“ გააფორმა კონტრაქტი, ინგლისური კლუბისთვის „ნანტიდან“ 15 მილიონ ფუნტად შეძენილი ფორვარდი სარეკორდო შენაძენია.
თვითმფრინავის კვალი ნორმანდიის მხარეში ლა-მანშის სრუტის თავზე გაქრა.
ავიაკატასტროფის ვერსიას კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის დრამატული აუდიოჩანაწერი, რომელიც ინგლისურ მედიაში გავრცელდა. ემილიანო სალას მამამ დაადასტურა, რომ ფეხბურთელმა ახლობლებსა და მეგობრებს Whatsapp-ით აუდიოჩანაწერი გაუგზავნა, სადაც თავისთავზე, „ნანტიში“ ბოლო დღეებსა და კარდიფში გადასვლაზე საუბრობს.
სალა ამბობს, რომ თვითმფრინავს პრობლემები აქვს და თუ საათ-ნახევრის განმავლობაში არავის შეეხმიანება, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში მოჰყვა. ფეხბურთელის უჩვეულოდ მშვიდ მიმართვას ასრულებს სიტყვები - „მამა, მეშინია“.
დიდი შანსია, ეს ჩანაწერი ემილიანო სალას უკანასკნელი სიტყვები იყოს:
- გამარჯობა, როგორ ხართ?
- მე ძალიან დაღლილი ვარ. ნანტიში ბოლო დღეების განმავლობაში საქმეები არ გამომელია, ვაკეთებდი იმას, ამას, ეს საქმეები არასდროს სრულდება. მაგრამ, კარგი...
- ახლა თვითმფრინავში ვარ, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ნაწილებად იშლება.
- კარდიფში მივფრინავ, რადგან ხვალიდან ვიწყებთ. ხვალ ნაშუადღევს ახალ თანაგუნდელებთან ერთად შევუდგები ვარჯიშს.
- როგორ ხართ ყველა?
- თუკი საათ-ნახევარში ჩემს ხმას ვერ გაიგებთ... არ ვიცი, გამოგზავნიან თუ არა ვინმეს ჩემს მოსაძებნად. იცით, რომ ვერ შეძლებენ ამას.
- მამა, მეშინია.