ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად წარადგინა. მიმართვა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა. ოხანაშვილს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.
საქართველოს პარლამენტი 2019 წლის საგაზაფხულო სესიებს ხვალიდან იწყებს.
ოხანაშვილის კანდიდატურაზე საპარლამენტო უმრავლესობა შაბათს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე შეჯერდა, თუმცა უმრავლესობის პოზიციას არ იზიარებს დეპუტატი ეკა ბესელია. ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას ემხრობოდა.
„ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, სწორედ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელს და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვას და ამ გზით სვლას აქვს ძალიან დიდი და პრინციპული მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მე სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არც დავუჭერ მხარს“, - თქვა შაბათს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თავად ეკა ბესელია იყო. მან თანამდებობა 2018 წლის 27 დეკემბერს დატოვა.
„ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს“, - თქვა 27 დეკემბერს ბესელიამ.