
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ დანელია ამბობს, რომ არ აპირებს, მხარი დაუჭიროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც საზოგადოებასა და პარლამენტში წინააღმდეგობა მოჰყვა.
დანელიას თქმით, აუცილებლია გუნდში დიალოგი და ერთიან პოზიციაზე შეჯერება, მაგრამ მოსამართლეებს - ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილს, ალანიას მხარს არ დაუჭერს.
„ამ კონკრეტულ პიროვნებებს მე პირადად მხარს არ დავუჭერ. ისინი ჩემთვის მიუღებლები არიან მორალური თვალსაზრისით, რომელთა შესახებაც არსებობს ძალიან ბუნდოვანი და ნეგატიური თუ ადამიანის უფლებათა შემლახველი საქმეები. ბუნებრივია, მე მათ მხარს ვერ დავუჭერ.
შევთანხმდით, რომ იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა და ყველანი მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ყველა დეპუტატი 100 პროცენტით თანხვედრაში ვერ იქნება. ჩემთვის ვინც მიუღებელია, მხარს ვერ დავუჭერ“, - განაცხადა დანელიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ გუნდში არსებობს დიალოგის რესურსი, ისე, რომ არავის წასვლა საჭირო არ გახდეს. დანელიას თქმით, ერთიანობა მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდეს ღირებულებების დაკარგვის ხარჯზე.