„ერთი ფრაზა მომხვდა ყურში, გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები, ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. ისევ მივადექით ძალიან დიდ პრობლემას. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა აქ და ძალიან კარგი კითხვები, მაგრამ კაციშვილმა არ თქვა იმ მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია, ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა, ფიქრობთ თუ არა, რომ საჭიროა, მოიფიქროს სახელმწიფომ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს სტიმულს ერს გამრავლებისკენ“, - ამ შეკითხვით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს.
მიხეილ ბატიაშვილს დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე უსმენენ.