განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოუსმინა. სხდომის დასრულებისას განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მინისტრს მისცა რეკომენდაციები, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის მსგავსი შემთხვევები მომავალში გამოირიცხოს. ჯაშის თქმით, მისთვის გასაკვირი იყო, რომ განათლების სამინისტროში წერილებს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენის გარეშე იბარებდნენ. რაც მისი თქმით, სამინისტრომ უნდა შეცვალოს.
„ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ განათლების სამინისტროში განცხადებების მიღება ხდება პირადობის ნომრის/საბუთის გარეშე. ჯანდაცვის უწყებიდან მოვდივარ და იქ ეს პრაქტიკა არ არსებობს. არც პარლამენტში, როცა მოქალაქეები აბარებენ განცხადებას, პირადობის მოწმობის გარეშე არ შეუძლიათ მისი დატოვება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის შიდაუწყებრივი გადაწყვეტილება და ხვალვე შეგიძლიათ მიიღოთ, რომ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ჩაბარების უფლება არ ჰქონდეს უწყებას“, - თქვა მარიამ ჯაშმა.
მარიამ ჯაშმა მინისტრს მიმართა, რომ ეს ცვლილება სულ მცირე გაურკვევლობასა და იმ უხერხულობას აარიდებს თავიდან სამინისტროს, რაც ამ წერილის გამო შეექმნა.