განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოუსმინა. სხდომის დასასრულს სიტყვით გამოვიდა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია.
ბაჩანა შენგელიას თქმით, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება კანონმდებლობის დარღვევით დაიწყო. დღეს კი ზუგდიდში პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს სხვა დირექტორიც. ბაჩანა შენგელიას თქმით, მას დღემდე იმედი ჰქონდა, რომ მინისტრი შეცდომას აღიარებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ხოლო სკოლა ია კერზაიას ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, აუდიტმა კი მას მორალური სასამართლო მოუწყო, მორალური სასჯელი, რომელიც დედამისმა ვერ გადაიტანა.
„ყველა ამ ქმედებაზე ბატონმა მინისტრმა აიღო პირადი პასუხისმგებლობა. სიმართლე გითხრათ, დღემდე იმედი მქონდა, რომ ის ან შეცდომას დაარქმევდა ამას, იტყოდა, რომ მისმა მოხელეებმა რაღაც კანონები დაარღვიეს და გამოიკვლევდა. მაგრამ მან პასუხისმგებლობა აიღო პირადად და შესაბამისად, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
მთელს ამ პროცესზე ის ამბობს, რომ არის სამართლებრივი პროცესი. სინამდვილეში მე მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო და ის შემოწმების აქტი ზუსტად მორალური სასჯელი იყო. ის მორალური სასჯელი, რომელიც მან ვერ გადაიტანა“, - თქვა ბაჩანა შენგელიამ.
მისი თქმით, ია კერზაია ამ სკოლას 11 წელი ემსახურა, მასში მთელი გული ჩადო. „მე აღმოვაჩინე, რომ რაღაც ნივთები სახლიდან სკოლაში ჰქონდა წაღებული. მისთვის სკოლა იყო ყველაფერი. სიცოცხლის ნაწილი, აბსოლუტურად ყველაფერი და ზუსტად ამ მორალურ ნაწილს ვერ გაუძლო. აი ამ წნეხს ვერ გაუძლო, რომ ასე უსამართლოდ ექცეოდა სისტემა“. ბაჩანა შენგელიამ ინსპექტირების დასკვნის ის ნაწილიც მოიყვანა, სადაც ერთ-ერთ დარღვევაზე ინტერესთა კონფლიქტზეა საუბარი.
„მინისტრი ამბობს, ინტერესთა კონფლიქტი იყოო. სკოლის დარაჯთან სამღებრო სამუშაოებზე 150-ლარიანი ხელშეკრულება მიიჩნიეს ინტერესთა კონფლიქტად“, - დასძენს შენგელია.
ბაჩანა შენგელიას თქმით, კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებით ანონიმური წერილის საფუძველზე ინსპექტირების დაწყება არ შეიძლება. შესაბამისად პროცესი თავიდანვე დარღვევით დაიწყო.
„ანონიმური წერილი არ ნიშნავს მაინცდამაინც, რომ არ წერია იქ სახელი და გვარი. ანონიმური ნიშნავს, რომ მას არ აწერია რეალური სახელი და გვარი. ამ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ ლავრენტი ქირია ბუნებაში არ არსებობს“, - თქვა შენგელიამ. გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი მოითხოვს, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყოს. მისი თქმით, ასეთ დარღვევებს დაემატა ისიც, რომ გამოჩნდა კიდევ ერთი მტკიცებულება. პოლიტიკურ ზეწოლაზე ზუგდიდის რესურს ცენტრის მხრიდან სხვა საჯარო სკოლის დირექტორიც საუბრობს.
ბაჩანა შენგელიას თქმით კანონმდებლობის ცვლილებამ შეიძლება მომავალში დაიცვას სიცოცხლე, მაგრამ ია კერზაიას დასრულებულ სიცოცხლესაც გამოძიება სჭირდება. „დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით. ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა. და ყველას ძალიან გთხოვთ, როდესაც მორალზე ვსაუბრობთ, ყველამ უბრალოდ ერთი წამით წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჩემს ადგილზე. ბატონო მიხეილ თქვენ დედა გყავთ?“ - მიმართა ბაჩანა შენგელიამ მინისტრს.