Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იგეგმება მძღოლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა - კანონპროექტი

08 თებერვალი, 2019 13:35

საქართველოს მთავრობის ინიციატორობითა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ავტორობით კანონპროექტი მომზადდა, რომელიც მანქანების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას ითვალისწინებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ  სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში.

„მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა–პატრონობის და სხვადასხვა მიზეზის გამო იზრდება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისათვის და, მეორე მხრივ, დაზარალებულისათვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და/ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ვალდებულება გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

კანონპროექტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებული იქნება, წლიურად გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი. თანხა განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით:

ა) მოტოციკლისათვის – 75  - 110 ლარი;

ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის – 100 – 150 ლარი;

 გ) ავტობუსისათვის - 160 - 240 ლარი;

დ) სატვირთო ავტომობილისათვის - 210 – 310  ლარი;

ე) მისაბმელისათვის - 50 - 75 ლარი;

 ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60  - 90 ლარი.

იმ შემთხვევაში თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის „სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის" გარეშე გადაადგილდება მას ჯარიმა დაეკისრება.  სანქციის ოდენობას მოტოციკლისათვის, მსუბუქი ავტომანქანისთვის იქნება 100 ლარი, ხოლო ავტობუსისთვის და სატვირთოს მძღოლისთვის 200 ლარი.

ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ მძღოლს დაჯარიმებასთან ერთად მიეცემა 72 საათიანი ვადა სავალდებულო დაზღვევის შესაძენად, შესაბამისად, დაჯარიმებიდან 72 საათის შემდეგ თუ კვლავ დაუზღვეველი იქნება მძღოლის პასუხისმგებლობა იგი კვლავ დაექვემდებარება დაჯარიმებას.

ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, იქმნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ბიურო.

კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში ის 2019 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში.

სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება და ზიანის ანაზღაურება მზღვეველის მიერ

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებული იქნება ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს, ხოლო დაზარალებული უფლებამოსილი იქნება შეატყობინოს „112-ს“ და დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებული პირის (დაზარალებულის) გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა.

დაზარალებული ვალდებული იქნება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა წერილობით მიმართოს მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით და წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ.

სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედობაუნარიანობისათვის ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 30 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის [ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რის დროსაც დაზარალებულის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი] სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი − 300 000 ლარი;

სადაზღვევო ლიმიტი ერთი დაზარალებულისთვის განისაზღვრება შემდეგი შემთხვევებისათვის და შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 15 000 ლარი;

 ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 30 000 ლარი.

რაც შეეხება ქონების ანაზღაურებას, სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთი დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს;

მზღვეველი ვალდებული იქნება,  სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში დაზარალებულს სადაზღვევო ანაზღაურება შეთანხმების ხელმოწერიდან  არაუგვიანეს 15 დღისა ან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დასაბუთებული უარი განაცხადოს ყველა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^