რიო დე ჟანეიროში ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ახალგაზრდული შემადგენლობის საერთო საცხოვრებელს მოდებულმა ალმა 10 ადამიანი იმსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი ახალგაზრდული შემადგენლობის სპორტსმენია.
ხანძარი, ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, დილის 05:30 საათზე საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე გაჩნდა და მის ჩაქრობას თითქმის ორი საათი ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, რის გამო გაჩნდა ცეცხლი. ადგილზე მუშაობენ მაშველები და სამართალდამცველები. დაღუპულთა ამოცნობა აქამდე არ მომხდარა, თუმცა საერთო საცხოვრებელს 14-დან 17 წლამდე სპორტსმენები იყენებდნენ.
„ფლამენგო“ ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია. აქ თამაშობდნენ რონალდინიო, ბებეტო და რომარიო.