ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქციას მართავენ.
ისინი სკანდირებენ: „კილაძე ებრძვის უფლებადამცველებს!"
აქციის მონაწილეების განცხადებით, 2019 წლის 4 თებერვალს კომიტეტის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრაზე სოფიო კილაძემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იგი სრულიად შეუფერებელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციისთვის.
კომიტეტის თავმჯდომარის მუშაობით უკმაყოფილო აქტივისტები აცხადებენ, რომ:
„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, როგორც კანონპროექტების, ისე პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის პროცესში, ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ამის ნაცვლად, 4 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ, ცრუ, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვები და სიძულვილის ენა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წევრების ანა აბაშიძის და ანა არგანაშვილის მიმართ.
სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს სოფიო კილაძის გადადგომას. მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია. მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ.
შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების მიმართ სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან.
სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ, გადადგეს სოფო კილაძე!"