შსს-ს განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელების საქმეზე FACEBOOK -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.
უწყების ცნობით, buba lomtatidze-ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, სოციალურ ქსელში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
„საქართველოს მოქალაქე დ.ი. მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის - მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის.
დ.ი.-მ საქართველოს საზღვარი, მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა. ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი „samsung”-ის მოდელის მობილური ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც "youtube"-ზე კადრები ატვირთა“, - აცხადებს შსს.
უწყების განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული აღნინშულმა პირმა გაავრცელა თუ არა თავდაპირევალად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.