
თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომა ჩატარდა. განსახილველი საკითხი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა იყო. საჯარო მიწვევის მიუხედავად, სხდომაზე დეპუტატები არ გამოცხადდნენ.
სხდომას ესწრებოდა 150-მდე მოსამართლე. მათ დეპუტატების ინიციატივა გააკრიტიკეს. ასევე კრიტიკით შეხვდნენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძესა, რომლებიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ემხრობიან.
„სიტყვები არ მყოფნის, რომ ადეკვატურად და სრულად შევაფასო არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის დღევანდელი საქციელი.
გვეგონა, რომ ეს იქნებოდა დისკუსიის რეჟიმი, რომ მოხდებოდა მოსაზრებების გაცვლა, თუმცა, მივიღეთ სამარცხვინო ვითარება, როდესაც ვსაუბრობდით მხოლოდ მოსამართლეები, ხოლო ანა დოლიძე და ნაზიბროლა ჯანეზაშვილი ბოლომდე ინარჩუნებდნენ „ღირსეულ დუმილს“.
სამართლებრივი და კვალიფიციური არგუმენტები თავიანთი პოზიციის დასადასტურებლად არ გააჩნიათ. მათ ელემენტარულად გამბედაობა არ ეყოთ, რომ მოსამართლეებისთვის შეკითხვებზე პასუხი გაეცათ", - განაცხადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
გვრიტიშვილის პოზიციას იზიარებს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. მისი თქმით, სხდომაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს თავიანთი პოზიციის დასაცავად არგუმენტები არ მოუშველებიათ.
„ჩვენ გვესმოდა მკაფიო განცხადებები და მხარდაჭერა. მათ შორის, საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან, რომ ისინი ეთანხმებიან ამ ინციატივას. თუმცა, დღეს ჩვენს ათეულობით კითხვაზე თუნდაც ერთი არგუმენტი დაესახელებინათ, რატომ უნდა იქნეს ეს ცვლილება ან სამართლებრივად ან მიზანშეწონილობის ჭრილში მიღებული, ჩვენ მივიღეთ დუმილი.
მე ვიცი, რომ დუმილი არის თანხმობის ნიშანი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენს არგუმენტებს ეს წევრებიც ეთანხმებიან. საპასუხო არგუმენტი არ აქვთ და ასეთი არგუმენტი ვერც იარსებებს“, - თქვა მიქაუტაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
ხოლო, ანა დოლიძის აზრით, ეს სხდომა იმისთვის დაგეგმეს, რომ მისთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის ერთგვარი სასამართლო მოეწყოთ. ამისთვის კი სასამართლო ხელისუფლებამ დიდი სახელმწიფო რესურსი დახარჯა.
„დღევანდელი შეხვედრა ყველაზე კარგი მაჩვენებელია, რამხელა ცვლილებები სჭირდება ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას. დღეს ჩვენ ვიხილეთ საბჭოს მცდელობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე, უდიდესი სახელმწიფო რესურსის დახარჯვის ხარჯზე, აქ ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონიდან, მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის.
თქვენ იხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა ჩემსა და ნაზიზე, ვიდრე რაიმე საქმიანი, ან თუნდაც სამართლებრივი კითხვა, რომელიც მიმართული უნდა იყოს პარლამენტისკენ პირველ რიგში“, - განაცხადა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს მათთვის არ შეუთანხმებია შეხვედრის ფორმატი. 150-მდე მოსამართლის დასწრებასთან ერთად, მისთვის მოულოდნელი იყო ის კითხვებიც, რომელიც წესით ინიციატივის ავტორი დეპუტატებისთვის უნდა დაესვათ.
„არ ვიცოდი, რომ კითხვები იქნებოდა ჩემი მისამართით. მე არ ვარ კანონპროექტის ავტორი და მოსამართლეებს შეუძლიათ, პარლამენტარებს დაუსვან შეკითხვები. ამა თუ იმ აზრის გაზიარება არ ნიშნავს, რომ მე უნდა გავცე პასუხები იმ საკითხზე, რომელიც მე არ მომიმზადებია.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მე მიმაჩნია, რომ ეს შოუ ვერ შედგა, რომელიც მათ დაგეგმეს. დღევანდელი სხდომა დასტური იყო იმისა, რომ მოსამართლეთა, ე.წ. „ერთიანობა“, რომელიც დგას მხოლოდ კლანის ინტერესებზე, სულს ღაფავს“, - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.
შეხვედრის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს მიმართა: „ეს რა, მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი, ესენი არიან მოსამართლეები, მართლმსაჯულებას ახორციელებენ. რადგან შენ ხარ საბჭოს წევრი, ანგარიშვალდებული ხარ მოსამართლეების წინაშე“.