თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი გამოიყო, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას გამოიძიებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისი თქმით, სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს.
თოლორაიას თქმით, გამომძიებლებს გავლილი აქვთ გადამზადება ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიაში.
„მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომელთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - განაცხადა თოლორაიამ ბრიფინგზე.