
სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, სახელმწიფოს მიერ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულება და პრიორიტეტები მართლმსაჯულების სფეროში ნაწილობრივ შესრულდა.
2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმიდან სახელმწიფომ შეასრულა ნაწილი, მაგალითად, იუსტიციის საბჭომ მიიღო საკვალიფიკაციო გამოცდის განახლებული წესი, თუმცა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის წესი კვლავ ვერ აკმაყოფილებს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სტანდარტს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ძირითადი რეფორმები, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში იყო დაგეგმილი, მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და რეალური ცვლილებები არ მოჰყოლია.
„ეს ეხება, როგორც სასამართლოში დაგეგმილ რეფორმებს, ასევე პროკურატურის რეფორმას, რომელიც ჩვენი შეფასებით, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა. ის ფორმალურად შეესაბამება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს და ახალმა კანონმა პროკურატურის შესახებ რეალობა ვერ შეცვალა. ის ვერ გახდა პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელი, რისი მოლოდინიც გვქონდა“, - თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
სასამართლო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განვითარების კუთხით სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით:
გაკეთდა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო საკვალიფიკაციო გამოცდის და მისი მოსამზადებელი პროცესის განახლებული წესი. მოსამართლეთა გადამზადების სისტემის გასაუმჯობესებლად განხორციელდა გარკვეული აქტივობები.
არ გაკეთდა
სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის წესი კვლავ არ აკმაყოფილებს დამსახურების პრინციპით, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სტანდარტს, შერჩევა/დანიშვნის პროცესი არ არის დასაბუთებული და გამჭვირვალე.
არ განხორციელებულა ღონისძიებები სასამართლოების თავმჯდომარეთა შერჩევა/დანიშვნის პროცედურის და კრიტერიუმების დადგენის მიზნით.
ეროვნული სამოქმედო გეგმით 2018 წლისთვის გათვალისწინებული 14 აქტივობიდან 12 არ განხორციელებულა ან ნაწილობრივ განხორციელდა.
გაკეთდა
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებები საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
სასამართლოს ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესებისთვის შეიქმნა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი და დადგინდა ინსპექტორის საქმიანობის წესი.
მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად.
არ გაკეთდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ კიდევ არ რეგულირდება კანონით,რაც ამცირებს საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულებას.
NGO-ების შეფასებით, ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი, რაც საფრთხეს უქმნის მოსამართლის დამოუკიდებლობას.
არ შეუმუშავებიათ ნაშთად დარჩენილი საქმეების შემცირების მექანიზმი
გაკეთდა
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ახლებურად განსაზღვრავს პროკურატურის სტატუსს, უფლებამოსილებას და საქმიანობის წესებს.
მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი და დაიწყო მუშაობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე. ასევე მომზადდა ცვლილებების პაკეტი მედიაციის მექანიზმისთვის.
შემუშავდა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა. არასაპატიმრო სასჯელის ერთ-ერთ სახედ კი ამოქმედდა შინაპატიმრობა.
არ გაკეთდა
სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, პროკურატურის შესახებ კანონი არ არის საკმარისი პროკურატურის სრულფასოვანი რეფორმის განსახორციელებლად.
სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემუშავების მიუხედავად ის პარლამენტში ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ, ისევე როგორც საპროცესო კოდექსი.
ასევე NGO-ების ანგარიშით, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის კუთხით. არ არის დამტკიცებული ფსიქოსოციალური, საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთიანი სტანდარტი და პროგრამების პაკეტი.
ხოლო შინაპატიმრობის წესის ამოქმედების მიუხედავად, ისევ მაღალია პატიმრობის წილი.
ზოგადად კი 2017 წელს დამტკიცებული სასამართლო სისტემის სტრატეგია ხუთ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას ასახავს:
- დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა;
- ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა;
- ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა;
- სასამართლო სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
- მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.