აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) მარსზე გაგზავნილ თანამგზავრს Opportunity-ს ემშვიდობება. 800-ზე მეტი უშედეგო მცდელობის მიუხედავად, თანამგზავრი კავშირზე არ გამოვიდა.
NASA-მ სამშაბათს Opportunity-თან დაკავშირება უკანასკნელად სცადა. მორიგი უპასუხო სიგნალის შემდეგ თანამგზავრის მისია დასრულებულად გამოცხადდა.
Opportunity-თან კავშირი შარშან, 10 ივნისს, გაწყდა, მას შემდეგ, რაც თანამგზავრი ქვიშის ქარიშხალში მოჰყვა. ქვიშამ მისი მზის პანელები დაფარა, რომელთა გარეშეც მას მუშაობა არ შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში იქ ქარების სეზონია, როგორც ჩანს,Opportunity-ის პანელები ქვიშისგან მაინც ვერ გაიწმინდა.
ინჟინრები თანამგზავრის გადარჩენის იმედს დიდ ხანს არ კარგავდნენ, Opportunity-ის 835 სიგნალი და ბრძანება გაუგზავნეს, იმის იმედით, რომ შეძლებდა ამუშავებას, მაგრამ უშედეგოდ.
„ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში Opportunity ჩვენი საველე კვლევის სიმბოლო იყო, სწავლობდა მარსის წარსულს, იპოვა წყლის ნაკვალევი პოტენციურ დასასახლებელ პლანეტაზე და გვაჩვენა წითელი პლანეტის პეიზაჟები“, - თქვა NASA-ს სამეცნიერო მისიების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, თომას ზურბუშენმა მისიის დასრულების შემდეგ.
Opportunity-მ მარსზე თითქმის 15 წელი გაატარა. არადა, თავდაპირველად მისი გაგზავნა 90 დღით იგეგმებოდა. თანამგზავრს მხოლოდ 1000 მეტრამდე მანძილის დაფარვა ევალებოდა, მან კი 15 წლის განმავლობაში 45 კილომეტრზე მეტი გაიარა.
Opportunity მის ტყუპისცალ Spirit-თან ერთად მარსზე 2003 წელს გაუშვეს. თანამგზავრები პლანეტაზე 2004 წელს დაეშვნენ და სამეცნიერო მისიის შესრულება დაიწყეს. Spirit-მა მისიის გაგრძელება 2009 წლის შემდეგ ვეღარ შეძლო, მას შემდეგ, რაც რბილ ნიადაგში ჩაეფლო. ახლა კი მისია მისმა ტყუპისცალმაც დაასრულა.