საქართველოს საბანკო ასოციაცია თიბისი ბანკის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ასოციაციას სურს, გამოეხმაუროს მისი წევრი თიბისი ბანკის ირგვლილ შექმნილ სიტუაციას, რომელიც უკავშირდება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ხელმოწერის უფლების შეჩერებას და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნის საკითხს.
თიბისი ბანკი არის ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში (FTSE250) და იმართება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით.
თიბისი ბანკი ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. აღნიშნული გვაძლევს უფლებას სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე.
მისასალმებელია თიბისი ბანკის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერების და ბანკის ინტერესები.
საქართველოს საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს თიბისი ბანკს და ყველა თიბისელს და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერებას ითხოვს. თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის.