
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, გიორგი მამალაძე კონტაქტურია, თუმცა, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
„აღენიშნებოდა დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტი გადაყვანილია ლაბორატორიაში შემდგომი მონიტორინგისთვის. პაციენტის ცნობიერება ნათელია, ადეკვატურია, კონტაქტურია, მაგრამ მას მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა,“ - განაცხადა მარინა გელანტიამ მამალაძის შესახებ.
გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზით, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევთ, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, „მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18:38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18:41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი. 19:18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა.
მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. 21:35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა".