საპატრიარქოს პრესცენტრის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ღუდუშაურის კლინიკაში გიორგი მამალაძე მოინახულა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ჩატარებული კვლევები, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა მას კიდევ რამდენიმე კვლევა სჭირდება, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება.
„რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისეთი სურათი იხატებოდა, რომ ველოდებოდი, გაცილებით მძიმე იყო. მამაო საკმაოდ ენერგიულად არის. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას როგორც საშუალოს. რაც ჩატარდა კვლევები, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა. მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა. განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია და ამიტომ, არც შეიძლება სხვას ველოდებოდეთ", - თქვა მამა ანდრიამ.
გიორგი მამალაძისთვის ზიარების შეზღუდვის შესახებ კი ანდრია ჯაღმაიძემ შემდეგი რამ განაცხადა: „მამა გიორგის ზიარების შეფერხება არანაირად არ ხდება. მოძღვარი, რომელიც ჩათვლის შესაძლებლად აზიაროს მისი სულიერი მდგომარეობიდან და აღსარებიდან გამომდინარე, შეზღუდვა არ არის - ნებისმიერ სასულიერო პირს, იქნება მღვდელი, თუ მღვდელმთავარი შეუძლია აზიაროს".
გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზით, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევთ, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს.
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, გიორგი მამალაძეს აღენიშნებოდა დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული.
მამალაძე „ციანიდის საქმეზე" 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.