„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ სასტუმრო „რუმსში“ დღეს ბრიფინგი გამართეს.
ხაზარაძე კატეგორიულად უარყოფს, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფულის გათეთრების შესახებ.
„უარვყოფ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენ მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა, აღვნიშნოთ, რომ ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის ინტერესთან კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთან კავშირიც კი არ აქვს. მზად ვართ, იურიდიული დასკვნა და 2007-2008 წლის ამ კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს", - თქვა ხაზარაძემ.
გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე მზად არის, საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ სპეციალურ კომისიას, რომელშიც ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიები, NGO-ები, საბჭოს წარმომადგენლები გაერთიანდებიან.
„თიბისი ბანკმა“ სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე რეგულატორის (ეროვნული ბანკის) მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება. როგორც ხაზარაძე ამბობს, იგი მზად არის, დიალოგის რეჟიმში ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელოს გამოსავლის ძიება, „რათა თავიდან ავიცილოთ ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ზოგადად ეკონომიკურ გარემოებაზე".