„ევროპული საქართველო“ მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში მისვლას სთხოვს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღები ფორმა იქნება თუ ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარლამენტო ფორმატში, არგუმენტებით დაუპირისპირდება. „ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მანამდე სასესხო რეგულაციებთან დაკავშირებით დაიბარა.
„მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძისა და „თიბისი ბანკის“ მიმართ, მოვიდეს პარლამენტში, დაესწროს იმ საკომიტეტო მოსმენას, სადაც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც.
მან გუშინ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საზოგადოებას მიაწვდის დოკუმენტებსა და ინფორმაციას. ამიტომ მაქვს შეთავაზება - მობრძანდეს ამ კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის წევრებსა და ჟურნალისტებთან ერთად საზოგადოებისთვის ღიად და გასაგებად ვისაუბროთ ყველაფერზე. რა ხდება, რა მდგომარეობაა და რა პრეტენზიები აქვს ეროვნულ ბანკს „თიბისის“ მიმართ და „თიბისი ბანკს“ ეროვნული ბანკის მიმართ.
ეს იქნება საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღები ფორმა, რომ საპარლამენტო ფორმატში „თიბისი ბანკის“ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები ღიად, არგუმენტებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებაში ედავება. საქმე ეხება 11 წლის წინ განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციას. ამის გამო, ეროვნულმა ბანკმა ხელმოწერის უფლების შეჩერება მოითხოვა. ამასთანავე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას ორთვიანი ვადა მისცა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გასაწვევად.