იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე განცხადებას ავრცელებენ.
ისინი მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა კონკურსი შეაყოვნა
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. შედეგად უზენაეს სასამართლოში დამატებით 18 ვაკანსია გაჩნდა. შეიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის წესიც. წარდგენაზე უფლებამოსილი ორგანო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გახდა.
კონსტიტუციის ახალი ნორმების ამოქმედებამდე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის ივლისში რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში 43 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. ამის შემდგომ, 24 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების სია, რომელიც 10 მოსამართლისგან შედგებოდა.
ამ პროცესების კვალდაკვალ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე თვეების წინ გამოცხადებული კონკურსი ხელოვნურად შეაყოვნა - 7 თვეა მოსამართლეთა კონკურსი უშედეგოდ მიმდინარეობს.
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საბოლოო ეტაპზე გადასული 78 კანდიდატიდან გასაუბრება 77-ს ჩაუტარდა. დარჩენილ 1 კანდიდატთან გასაუბრებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ან ვერ ატარებს. რადგან, ბოლო კანდიდატთან გასაუბრების დასრულებისთანავე კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთო ჯამში მხოლოდ 10 სამუშაო დღე აქვს იმისათვის, რომ გასაუბრების შემდგომ მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრა ჩაატაროს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასაუბრების მთელი პროცესი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ფრაგმენტულად მიმდინარეობს.
ცხადია, ახლა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის ხელსაყრელი არ არის რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეა ან უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წელი აქვს დარჩენილი, ისინი თავად მონაწილეობენ კონკურსში, რათა ამ გზით გადაინაწილონ თანამდებობები და გავლენები როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე სასამართლოს ქვედა ინსტანციებშიც.
ნაცვლად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გზით მოსამართლეთა კორპუსის ახალი კადრებით შევსებაზე ზრუნავდეს, კონკურსს შიდა გადააგილებისა და ე.წ. “კლანის” გასაძლიერებლად იყენებს და აფერხებს როგორც მოსამართლეთა რაოდენობის, ასევე სასამართლოს ეფექტიანობის ზრდას", - ნათქვამია ჯანეზაშვილის და დოლძის განცხადებაში.