მომავალი სასწავლო წლიდან მე-5 კლასის მოსწავლეებს, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე უცხო ენად, არჩევით საგნად, ჩინური ენა შეისწავლონ.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სკოლებში სავალდებულია ორი უცხოური ენის სწავლება,- ინგლისური ენა სავალდებული საგნად ისწავლება I-XII კლასებში, მეორე უცხო ენა კი ისწავლება მე-5 კლასიდან და შეიძლება იყოს ნებისმიერი უცხო ენა, რაც დამოკიდებულია მოსწავლეებისა და მშობლების არჩევანზე, ასევე სკოლის შესაძლებლობებზე.
განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ჩინეთის საელჩოსა და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კონფუცის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, მომზადდა წლიური პროგრამა, ამდენად მე-5-კლასელ მოსწავლეებს მომავალი სასწავლო წლიდან შესაძლებლობა ექნებათ, მეორე უცხო ენად ჩინური ენა აირჩიონ.
ამჟამად კონფუცის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, საჭირო რესურსების მომზადებისა და მასწავლებლების გადამზადების კუთხით სამუშაოები მიმდინარეობს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინური ენა სკოლებში მოსწავლეებს შეიძლება შეასწავლონ როგორც ქართველმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ჩინური იციან, ასევე ჩინეთიდან ჩამოსულმა მასწავლებლებმაც.
მათივე ინფორმაციით, ჩინური ენის სწავლების მაგალითები ქართულ სკოლებში აქამდეც იყო, თუმცა სამომავლოდ მიდგომა უფრო სისტემური იქნება.
სამინისტროში განმარტავენ, რომ დაინტერესების შემთხვევაში, სკოლებმა სამინისტროს უნდა მიმართონ, სამინისტრო კი, თავის მხრივ, სკოლებს საჭირო რესურსებით მოამარაგებს, და პედაგოგების გადამზადებასაც უზრუნველყოფს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანს საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენს.
მათივე ცნობით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩინეთთან განათლების სფეროში თანამშრომლობის უფრო მეტად გაძლიერებას. ამავდროულად, ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება შესთავაზონ.