საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა.
მიღებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა.
„შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მათი პოზიციის ჩვენთვის გაცნობა. ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძარსა და რეგიონში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში.
მისმა უწმინდესობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო, ამასთან მოუწოდა ლოცვის გაძლიერებისკენ, რათა ღვთის მადლით დაიძლიოს პრობლემა და მართლმადიდებელთა ერთობა შენარჩუნდეს," - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.