„ძალიან არაადეკვატურია ეს ადამიანი, დაკარგული აქვს ყველაფერი. მორალზე არ არის საუბარი. ვერ არის თავის ადგილზე და ვერ არის თავის თავში დარწმუნებული. ძალიან გული მწყდება", - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, გოგიჩაიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" სინქრონული პოზიციის შესახებ.
როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, დღევანდელი გადაწყვეტილება წაშლის იმ მორალურ ზღვარს, რაც „ქართულ ოცნებას" „ნაციონალური მოძრაობისგან" განასხვავებდა.
„კობახიძე ამბობდა, რომ ყველა დამნაშავე კარგი ყოფილა. გამოდის, რომ ჩემი ციხის დირექტორი კარგი იყო", - აცხადებს გოგიჩაიშვილი.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კონსენსუსი „ნაცმოძრაობასა" და ლევან გოგიჩაიშვილს შორის არის ძალიან ნიშანდობლივი. კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის ყველაფერზე მეტყველებს.
პარლამენტში განიხილავენ ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.