საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ჩუგოშვილის თქმით, იუსტიციის საბჭომ თავადვე უნდა თქვას უარი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ საბჭო ამას არ გააკეთებს, მაშინ პარლამენტმა მის მიერ დანიშნული წევრები უნდა გამოიწვიოს.
„ალბათ არავინ არ ვდაობთ, რომ ჩვენი დაგვიანებული რეფორმები უნდა განვახორციელოთ სწრაფად. მეორე მხრივ, მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ვიდრე ეს წესები, მოსაზრებები არ იქნება სახეზე, მანამდე უნდა შეწყდეს მოსამართლეთა უვადოდ გამწესება. შესაბამისად, მგონია, რომ თავად იუსტიციის საბჭომვე უნდა მიიღოს გადწყვეტილება და განაცხადოს, რომ ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის კანონებს ისინი არ დანიშნავენ მოსამართლეებს უვადოდ.
თუკი არ შეასრულებენ ამ პირობას, მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი გზა. თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადო დანიშვნების შეჩერებისთაობაზე, ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, პარლამენტმა გამოწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
მოსამართლეები ჩვენ მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს არის გამორიცხული, ისინი ყველა მოსამართლეს ნიშნავენ სწორედ ჩვენ მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერით და ხმებით, ეს არის ფაქტი“, - განაცხადა ჩუგოშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
პარლამენტში განიხილავენ ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს