პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებაში ერთ-ერთი ბრალდებული ანი აროშიძე სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
„ჩემი დანაშაული ისაა, რომ მე ვნახე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გავუგზავნე ის სამ მეგობარს არა საჯაროდ, არამედ პირად ჩატში, ისევე როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა გააკეთა ეს.
არ მგონია, რომ ეს საქციელი მისაბაძია და ბოდიშს ვუხდი ქალბატონ ეკა ბესელიას ჩემი ბავშვური, უაზრო გართობის გამო, მაგრამ მე კრიმინალი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ...
მე არ ვარ კრიმინალი, რადგან ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება, მე არ გადამიღია და საჯაროდ არ გამივრცელებია კადრები და ვერასდროს წარმომედგინა, რომ დამიჭერდნენ იმ ვიდეოს გამო, რომელიც საჯარო სივრცეში - ინტერნეტში ვიპოვე და სამ მეგობარს ვაჩვენე.
მე არ ვარ კრიმინალი და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, დამეხმაროთ ამის დამტკიცებაში“, - წერს ანი აროშიძე.
საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაზე პარტია „გირჩი“ მუშაობს. „ლიბერალთან“ საუბრისას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, კანონით გაიმიჯნოს ადამიანები, ვინც სხვის მიერ ატვირთულ ინფორმაციას უყურეს და ადამიანები, რომლებმაც ატვირთეს ინფორმაცია, რათა ზიანი მიეყენებინა კონკრეტული პირისთვის.
„ანის შემთხვევაში მან, პირად მიმოწერაში გადაუდგავანა ჩანაწერი მეგობრებს, გავრცელებას თუ ასე გავიგებთ, მაშინ ყველაფერი შეიძლება იყოს გავრცელება...“, - ამბობს ხვიჩია.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში როდესაც ინფორმაცია, ჩანაწერი უკვე ატვირთულია საჯარო სივრცეში, მისი ნახვა ან სხვისთვის გაზიარება არ უნდა იყოს კრიმინალი.
„კრიმინალიზებულ ნორმაში ეს შინაარსი არ უნდა შედიოდეს. ეს ნორმა, ჩვენი აზრით, ეხება ამტვირთავს, გადამღებს, რომელიც შეიჭრა ან უკანონოდ გადაიღო. ამავდროულად, უნდა იკვეთებოდეს დანაშაულის მოტივი - თუ მოტივი არის ხუმრობა, ყურება მაშინ ეს არ უნდა იყოს კრიმინალი თუ ამის საყურებლად მე არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ სხვის მიერ მოწოდებული, საჯარო სივრცეში უკვე არსებულ ინფორმაციას ვუყურე. კრიმინალიზებული უნდა იყოს ქმედება, როდესაც დანაშაულის ჩამდენს უნდოდა ზიანი მიეყენებინა უშუალოდ ადამიანისთვის, რომლის შესახებაც გავრცელდა ასეთი ტიპის ინფორმაცია“, - ამბობს ხვიჩია.
- - -
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 თებერვალს ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, 16 პირი დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით ედება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს:
157-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს:
1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.
2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.