ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილის ბექა ნაცვლიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი საპენსიო რეფორმის პროექტი ჩავარდა. დღეს პლენარულ სხდომაზე ნაცვლიშვილის კანონპროექტს 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგი წავიდა. კანონპროექტის დასამტკიცებლად 52 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ბექა ნაცვლიშვილმა ადრე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ „ოცნება“ მის რეფორმას მხარს არ დაუჭერს, საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. როგორც გუშინ „სოციალ-დემოკრატების“ წევრმა თქვა, პარლამენტის მიერ აქამდე მიღებული საპენსიო რეფორმა წინა ხელისუფლების იდეოლოგიას აგრძელებს, რასაც ის წლების განმავლობაში ებრძოდა.
„ეს საპენსიო სისტემა ზოგადად და ეს მსოფლმხედველობა ეფუძნება გარკვეული თვალსაზრისით იმას, რასაც მე ამდენი ხნის განმავლობაში ვებრძოდი. ჩვენ, როგორც ჩანს, ვერ გავათვითცნობიერეთ, რას ეფუძნებოდა წინა ხელისუფლების იდეოლოგია და შესაბამისად, გავაგრძელეთ გარკვეული თვალსაზრისით ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა“, - განაცხადა გუშინ ბექა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმით, მისი ინიციატივა სოლიდარობის პრინციპს ეფუძნებოდა და დაბალშემოსავლიან ადამიანებზე იყო ორიენტებული.