ორთაჭალაში განთავსებული მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა და რუსთავში გადავიდა. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 248 პატიმარი რუსთავში 23 თებერვალს გადაიყვანეს. ახალი შენობა მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზეა და 309 პირზეა გათვლილი.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ახალი დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.
„მე-12 დაწესებულების ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც მასში განთავსებულ პატიმრებს რთულ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა. შენობა იყო ბარაკული ტიპის, საკნების დიდ ნაწილს არ ჰქონდა საპირფარეშო (რამდენიმე საკანში განთავსებულ მსჯავრდებულს საერთო საპირფარეშოთი სარგებლობა უწევდა), არ არსებობდა სასადილო, რის გამოც პატიმრები საკნებში იკვებებოდნენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაცია შენობაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. სამედიცინო ნაწილი ორ ოთახში იყო განთავსებული, რის გამოც მედპერსონალი მსჯავრდებულებს სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ უწევდა. ასევე მძიმე მდგომარეობაში იყო ბიბლიოთეკა და პაემნების ოთახები“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ახალი დაწესებულება რუსთავში პატიმრებისთვის კეთილმოწყობილი იქნება. მოეწყობა სპეციალური სივრცეები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებისთვის და იქნება 100 კვ/მ ფართობის ბიბლიოთეკაც.
„დაწესებულება არის დახურული და ნახევრადღია ტიპის, ოთხ პირზე გათვლილი საკნებით. შენობაში არის დეესკალაციის 5 საკანი, განმარტოების 4 საკანი, შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებული ორი საკანი (ოთხკაციანი), მოწყობილია სასტუმროს ტიპის 10 ნომერი ხანგრძლივი პაემნებისთვის, ხანმოკლე პაემნების სივრცე ისე არის მოწყობილი, რომ პაემნები მინის ბარიერის გარეშე ჩატარდება. დაწესებულების ტერიტორიაზე არის სპორტული და სავარჯიშო მოედანი“, - წერს სპეციალური პენიტენციური სამსახური.