Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მარიამ ჯაში საკუთარ მოქალაქეებს ერთგვარად ახარისხებს" - კოალიცია თანასწორობისთვის განცხადება

27 თებერვალი, 2019 13:43

კოალიცია თანასწორობისთვის ეხმაურება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის საჯარო განცხადებას, საქართველოს აზერბაიჯანელ თემთან დაკავშირებით და მოუწოდებს პარლამენტის წევრს, მისი პოლიტიკური ხედვა, განცხადებები მოქალაქეობის კონსტიტუციურ იდეას დაუახლოვოს და არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება.

„2018 წლის 26 თებერვალს საქართველოს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივი სხდომის შემდეგ მარიამ ჯაშმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მდგომარეობაზე საჯარო განცხადება გააკეთა და მიუთითა, რომ „აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს, როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე.“ ამ კუთხით კომიტეტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ „[..] არის საკითხები, რომელიც თანაბრად პრობლემურია საქართველოში მცხოვრები როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვისაც.“ დეპუტატის განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ორმხრივი მოლაპარაკებების და თანამშრომლობის საშუალებებს გამოიყენებს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან.

ცხადია, ვიაზრებთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი თემის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და მათ შორის, მათ მიმართ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის პრაქტიკებს და მიგვაჩნია, რომ ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიების დაწყება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მნიშვნელოვანია. მეტიც, კოალიციის წევრები მზად არიან ამ პროცესში კონტრიბუცია შეიტანონ. თუმცა, მარიამ ჯაშის განცხადებაში პრობლემას ის აზრი ქმნიდა, სადაც მან საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები აზერბაიჯანელი თემი სხვა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების საგნად განიხილა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ნაცვალგების მიდგომა გამოიყენა. საკუთარი მოქალაქეების სხვა სახელმწიფოსთან პირდაპირი დაკავშირება არსებითად აზიანებს ინტეგრაციის პროცესს და აღრმავებს ეთნიკური უმცირესობების გარიყულობასა და იზოლაციას. სამწუხაროა, რომ დეპუტატს სახელმწიფოს და მოქალაქეობის კონსტიტუციური იდეის ძირეული პრინციპები სათანადოდ არ ესმის და საკუთარ მოქალაქეებს ერთგვარად ახარისხებს.

ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს აზერბაიჯანელებში ჩანს საქართველოს პოლიტიკურ პროექტთან სიმბოლური დაკავშირების და საქართველოს მოქალაქედ თვითიდენტიფიკაციის ძლიერი ტალღა. თუმცა, სამწუხაროა, რომ უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი ვერ ხედავს ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ ცვლილებებს და კვლავ იმ პრობლემატურ მიდგომას იყენებს, რომელიც საქართველოში ისტორიულად მცხოვრებ, ქართულ კულტურასთან და სოციალურ რეალობასთან ღრმად და არსებითად დაკავშირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მეზობელ ქვეყნებთან აიგივებს.

დეპუტატის განცხადებაში ასევე, ჩანდა ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი სოციალური და უფლებრივი გამოწვევების არაღიარების პრობლემაც. ცხადია, ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის არადომინანტ ეთნიკურ ჯგუფებს სიღარიბის, დასაქმების, სათანადო განათლების, გარემოს დაცვის, საჯარო და კულტურული სივრცეების არარსებობის პრობლემები მწვავედ გვიდგას. თუმცა, არადომინანტი ეთნიკური ჯგუფები ამ სტრუქტურული გამოწვევების მიმართ კიდევ უფრო დაუცველები არიან სწორედ მათი პოლიტიკური და კულტურული გარიყულობის გამო და ამავდროულად, ისინი დამატებით სპეციფიკურ ჩაგვრას განიცდიან. საქართველოს აზერბაიჯანელ თემს, ისევე როგორც სხვა უმცირესობებს, მნიშვნელოვანი პრობლემები უდგას განათლებაზე ხელმისაწვდომობის, საჯარო სამსახურში დასაქმების, დემოკრატიული პოლიტიკური მონაწილეობის და რეპრეზენტაციის, საკუთარი კულტურული თვითმყოფადობის დაცვის, არსებულ სოციალურ და საჯარო სიკეთეებზე თანასწორი წვდომის კუთხით. ხშირად ისინი ჩვენს საზოგადოებაში გაუცხოებას და ქსენოფობიურ დამოკიდებულებებს აწყდებიან. ამ პირობებში მარიამ ჯაშმა ნაცვლად იმისა, რომ არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების სპეციფიკური პრობლემების შესახებ ემსჯელა, არსებული გამოწვევები არსებითად უგულებელყო. ეს მიდგომა განსაკუთრებით პრობლემურია პარლამენტის წევრის მხრიდან, რომელიც მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო და დემოკრატიულ კონტროლს უნდა ახორციელებდეს.

კოალიცია მოუწოდებს მარიამ ჯაშს, გადახედოს საკუთარ განცხადებას და გააკეთოს დამაზუსტებელი ახალი საჯარო განცხადება, რათა მსგავსი შინაარსის პოლიტიკურმა ტექსტებმა ხელი არ შეუწყობს არადომინანტ ჯგუფებში გარიყულობის განცდას".

,,კოალიცია თანასწორობისთვის"

კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაარომელიც 2014 წელს ფონდღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და ცხრა არასამთავრობოორგანიზაციას აერთიანებსკოალიციის წევრები არიანფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, ,,კონსტიტუციის 42- მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაცია“, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”,“პარტნიორობა ადამიანისუფლებებისთვის (PHR)”,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)” და ,,ტოლერანტობისდა მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).”

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^