ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს მოუწოდებს, დაიცვას დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის უფლება და გართულებული სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოიყენოს სასჯელის გადავადების კანონით გათვალისწინებული მექანიზმი.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გიორგი მამალაძე 2019 წლის 15 თებერვალს პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის ეროვნული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, საიდანაც პენიტენციური დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, 22 თებერვალს, მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს. მამალაძე ამ დრომდე ამ სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
EMC-ის ადვოკატებმა დეკანოზი სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ, 26 თებერვალს მოინახულეს. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას სრულად პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, ვერ გადაადგილდება და ვერ ჯდება. დეკანოზის თქმით, მას ამ დრომდე არ აქვს დასმული სრულყოფილი სამედიცინო დიაგნოზი და ამ მიზნით, არც საჭირო პროცედურები ჩატარებია, სამედიცინო პერსონალის მხრიან. სასულიერო პირის განმარტებით, ის პენიტენციური დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში არასასათანადო სანიტარულ-ჰიგიენურ გარემოში იმყოფება. კერძოდ, დაწესებულებაში განთავსებიდან ხუთი დღის შემდეგაც კი, არ უცვლიან თეთრეულს, არ ხდება ნაწოლების გაჩენის პრევენცია და ოთახიც არ სუფთავდება სველი წესით.
„პატიმრობის კოდექსის“ 24-ე მუხლით უზრუნველყოფილია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვის უფლება, რაც სათანადო მკურნალობისა და სათანადო გარემოში ყოფნის უფლებას გულისხმობს. ეს უფლებები დაცული არ არის გიორგი მამალაძის შემთხვევაში, რაც კიდევ უფრო ართულებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
იმ ფონზე, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ციხის პირობებში მასზე ადეკვატური ზრუნა ისე ვერ ხერხდება, რომ მან სასჯელი სათანადო პირობებში მოიხადოს, EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზის მიმართ უნდა ამოქმედდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმი. EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზი სრულ გამოჯანმრთელებამდე, უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ამ მოთხოვნით, EMC დეკანოზის სახელით, სასამართლოს უახლოეს მომავალში, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ მიმართავს.
უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელის მოხდის დაწყებიდან, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი მამალაძე პატიმრობის სპეციალურ რეჟიმში იმყოფება, ის სხვა მსჯავრდებულებისგან იზოლირებულ საკანშია განთავსებული, სადაც 24 საათიანი აუდიო/ვიდეო ვიზუალური კონტროლი მიმდინარეობს, მისთვის საკვები სპეციალურად დალუქული კონტეინერებით შეაქვთ. ამასთან, მამალაძეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ აძლევდნენ სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანის საშუალებას, მას ამ დრომდე არ აქვს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სამლოცველოში ლოცვის უფლება.
დეკანოზის სასჯელის აღსრულების ამგვარი მკაცრი პირობები ამ საქმის მიმართ მაღალ პოლიტიკურ ინტერესს აჩვენებს, რამაც მსჯავრდებულის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე, მისი დეჰუმანიზების ხასიათს იძენს.
EMC მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს:
- უზრუნველყოს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის უფლების სათანადო დაცვა: ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა და ჰუმანური პირობების შექმნა.
- გამოიყენოს სასჯელის გადავადების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური მექანიზმი", - წერს EMC.