საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 28 თებერვალს, არსებითად განიხილავს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ.
მოსარჩელე „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე ჩატარებას ადგენს.
„საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია, ხოლო 41-ე მუხლით დაცულია სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება, რომელშიც არა მხოლოდ უკვე დამუშავებული ინფორმაცია, არამედ თავად ამ ინფორმაციის შექმნის პროცესის ხელმისაწვდომობაც იგულისხმება. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება სწორედ ისეთ პროცესს წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც ოფიციალური ინფორმაცია - მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები - ფორმირდება და რომლის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაც კონსტიტუციით დაცულ უფლებაში არამართლზომიერ ჩარევას წარმოადგენს.
სადავო ნორმა მოსამართლეობის კანდიდატებს საშუალებას აძლევს საკუთარი სურვილისამებრ დახურონ გასაუბრების (ინტერვიუს) პროცესი, რაც დაინტერესებულ პირებს ართმევს შესაძლებლობას დაესწრონ გასაუბრებას და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარდგა მოსამართლეობის კანდიდატი საბჭოს წინაშე, რა კითხვები ჰქონდათ საბჭოს წევრებს მათ მიმართ და ა.შ. სხდომათა დახურვის ტენდენციამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოიმატა და მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესისა, 2018 წლის იანვრის შემდეგ დახურულ სხდომაზე გასაუბრება გაიმართა 50- მდე კანდიდატთან, რომელთგანაც 35 მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა“, - ნათქვამია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.