თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობას იწყებს, - ამის შესახებ „ლიბერალს" მან მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ამ ეტაპზე სიახლე არაფერი არ არის. არის ისევ ის შემოთავაზება, რასაც ადრე მთავაზობდნენ - განაცდურის კომპენსაცია, თუ უარს ვიტყვი აღდგენაზე, რაც ჩემთვის მიუღებელია და არც არასდროს ყოფილა მისაღები. ახლა გამოვედი, აქ ვზივარ და ვიწყებ შიმშილობას", - განაცხადა ახობაძემ.
---
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახობაძეს სამინისტრომ უნდა აუნაზღაუროს განაცდური და აღადგინოს სამუშაო პოზიციაზე დანაშაულის პრევენციის ცენტრში. თუმცა უწყება გადაწყვეტილებას არ ასრულებს.
თამაზ ახობაძე, ანა სუბელიანთან ერთად დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მათი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და სასამართლოში იჩივლეს. ახობაძემ და სუბელიანმა საქმე მოიგეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის განაცდურის სრულად ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა დაავალა.
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ისინი სამსახურში არ აღადგინა. მოგვიანებით უწყებამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ საბაბით, რომ პოზიციაზე, რომელსაც ახობაძე იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, ის კი საქმის განხილვაში ჩართული უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, 2018 წლის 23 ივლისს თამაზ ახობაძემ სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში სამინისტროს დავა კიდევ ერთხელ მოუგო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დანაშაულის პრევენციის ცენტრს ახობაძე სამსახურში ამ დრომდე არ აღუდგენია. როგორც თავად ამბობს, უწყებამ მორიგება შესთავაზა, მაგრამ მხოლოდ განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მისი ცენტრში აღდგენა კი არ სურთ. ამიტომ თამაზ ახობაძე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს.