თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდას იწყებს.
როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, მერია დააფინანსებს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან უფრო ნაკლებია. აკადემიური მოსწრების მიხედვით, მერია სწავლის საფასურს 50%, 70% ან 100%-ით დაფარავს.
„მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, განათლების ხელშეწყობა ხელისუფლების პრიორიტეტია და ეს პროგრამაც მას ემსახურება. სტუდენტებისთვის მაქსიმალური დასაფარი თანხა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წლიური 2050 ლარი იქნება.