აშშ-ისა და ჩრდილო კორეის ლიდერების შეხვედრა ვიეტნამის ქალაქ ჰანოიში შეთანხმების გარეშე დასრულდა.
Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილო კორეის ლიდერი მოითხოვდა სანქციების შემსუბუქებას ჩრდილო კორეის მიმართ.
შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილო კორეის ბირთვული განიარაღება და კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოება იყო.
„ძირითადად, მათ სურდათ სანქციებისგან გათავისუფლება, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვეძლო“, - თქვა ტრამპმა.
მისივე თქმით, საუბარი აღარ არის სანქციების გაზრდაზე, რადგან ის ისედაც მაღალია.
„მე ახლა ავალ თვითმფრინავში და დავუბრუნდები ისეთ მშვენიერ ქალაქს, რომელსაც ვაშინგტონი ჰქვია“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და აშშ-ის სანქციები 2017 წელს ჩრდილო კორეის მიერ ბირთვული და სარაკეტო იარაღის გამოცდას მოჰყვა.
გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტი და ჩრდილო კორეის ლიდერი სინგაპურში შეხვდნენ ერთმანეთს. ლიდერებმა ჩრდილო კორეის ბირთვული განიარაღება განიხილეს. შეხვედრა, მათი განცხადებებიდან გამომდინარე, ოპტიმისტური იყო.
უცნობია, გაიმართება თუ არა კიდევ ლიდერების შეხვედრა.
სამიტის განმავლობაში ქალაქ ჰანოიში გამოჩნდა წარწერები „ჰანოი-მშვიდობის ქალაქი“. როგორც BBC წერს, ქალაქის მმართველობა იმედოვნებდა, რომ ჰანოიში ლიდერების ისტორიული შეთანხმება მოხდებოდა.
ფოტო: BBC